ახალი ამბები

როგორ გაიგო მთავრობამ “ლენინიზმი”

24 აგვისტო, 2012 • • 1221
როგორ გაიგო მთავრობამ  “ლენინიზმი”

“ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია მტრების განადგურების მცდელობა და არა პროგრამების წარდგენა”, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან 23 აგვსიტოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ამ განცხადებას სრული სისულელე უწოდა.

“მას თუ ასეთი შთაბეჭდილება დარჩა საქართველოზე, ეს ადამიანი უმჯობესია აღარ იყოს… არ აქვს მნიშვნელობა, სისულელე სისულელეა ნებისმიერი ადამიანისგან. ეს იყო სრული სისულელე და მისი გამომთქმელის მოტივაციას დავაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ლენინიზმი ან კარგად არ იცის, რა არის იმიტომ, რომ ამის ისტორიული ფაქტები არსებობენ. ლენინიზმი ნიშნავს არათავისუფალ ქვეყანას, არანაირ შეჯიბრებითუნარიანობას, სიტყვის თავისუფლების აბსოლუტურად არყოფნას და პოლიტიკური ოპონენტების პირდაპირ დახვრეტას“, – განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ.

თუმცა აღნიშნული კომენტარის შემდეგ მინისტრმა შეცვალა მოსაზრება და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

რურუამ აღნიშნა, რომ მას რიკარდო მილიორის განცხადება არ ჰქონდა წაკითხული და არასწორად მიაწოდეს ფაქტი კომენტარის გაკეთებამდე. “აქ საქმე გვაქვს ციტირებულ კომენტარზე კომენტირებასთან, რითაც ამგვარი მცდარი ინტერპრეტაციის საშუალება შეიქმნა”, – ამბობს რურუა.

“ბატონი რიკარდო მილიორის სრული კომენტარის წაკითხვის შემდეგ, როგორც გავარკვიე, მის განცხადებაში არანაირად არ იგულისხმებოდა საქართველო, როგორც „ლენინისტური“ ქვეყანა, როგორც მე ეს ფაქტი არასწორად მომაწოდეს ჩემი კომენტარის გაკეთებამდე, ანუ მაშინ, როდესაც მე მისი განცხადება წაკითხული არ მქონდა”, – აღნიშნა რურუამ და იქვე დასძინა: “განცხადების გაცნობის შემდეგ ვაცხადებ, რომ ავტორი იქ სხვა საკითხებთან ერთად იხილავს ქართული პოლიტიკური კულტურის ცალკეულ თავისებურებებს, როგორც ეს ახალგაზრდა დემოკრატიებს ახასიათებთ და აკეთებს საკუთარ შეფასებას, რისი საწინააღმდეგოც, ბუნებრივია, არაფერი მაქვს. რადგან მისი კომენტარი ჟურნალისტის ციტირების შედეგად გავიგე, ამდენად ჩემი წანადადებაც არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, თითქოს მე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადადგომა მოვითხოვე, რაც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება”.

“ლენინიზმს” თავისებური განმარტება მოუძებნა “ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. “რუსთავი 2”–ის ეთერში 23 აგვისტოს გამართული საარჩევნო დებატებისას მან განაცხადა, რომ  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება “ქართული ოცნების” მისამართით გაკეთდა.

“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ახსენა ლენინიზმი სწორედ იმ კონტექსტში, რომ “ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს არ სთავაზობს არავითარ არჩევანს, არავითარ წინასაარჩევნო პროგრამას, გარდა იმისა, რომ მათ სურთ არსებული ხელისუფლება წარმოაჩინონ როგორც მტრის ხატი და ერთადერთი ლენინიზმისთვის დამახასიათებელი არის ზუსტად ეს, რომ მოხდეს რევოლუციური გზით ხელისუფლების ცვლილება”, – მიიჩნევს თაქთაქიშვილი.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ “საქართველოს პრეზიდენტი ღრმა პატივისცემით არის გამსჭვალული ბატონი რიკარდო მილიორის, ბატონი ტონინო პიცულასა და ეუთოს დელეგაციის სხვა წევრების მიმართ და გულისყურით ეკიდება მათ მიერ გამოთქმულ თითოეულ მოსაზრებას”.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისს ორშაბათს, 20 აგვისტოს ეწვია. მათ შეხვედრები გამართეს ოპოზიციის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრების განცხადებით, ეს ვიზიტი მოსამზადებელი პერიოდი იყო გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების ჩამოსვლამდე საქართველოში.  

მასალების გადაბეჭდვის წესი