“განსაკუთრებული ყურადღება არის გასამახვილებელი იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ის ინფორმაცია, რომელიც წარდგენილი არის საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ, არ არის ზუსტად მიწოდებული. სწორედ ამ თვალსაზრისით ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გააძლიეროს თავისი საქმიანობა, წარადგინოს მისი საქმიანობა გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების შესაბამისად”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ეუთოს საპარლმენტო ასამბლეის დელეგაციის მიერ გუშინ გაკეთებული შეფასებების პასუხად.
შეგახსენებთ, გუშინ ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია მტრების განადგურების მცდელობა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ტონინო პიცულამ კი კონკრეტული შენიშვნები გამოთქვა ქვეყანაში სასამართლო სისტემისა და აუდიტის სამსახურის არაობიექტურობის კუთხით.
“ჩვენ მივესალმებით პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს საარჩევნო სისტემაში, მაგრამ არ გვინდა, ბრმები ვიყოთ და არ დავინახოთ პრობლემები ამ ქვეყანაში. ვხედავთ არაობიექტურობას კონკრეტული სამართალდამცავი ინსტიტუტების, კონკრეტულად, აუდიტის სამსახურის მოქმედებებში, გავაფრთხილეთ, რომ ისინი მოქმედებენ არანათელი ინსტრუქციებით.
ჩვენი შეშფოთების მეორე საკითხია სასამართლო. გვინდა ვიხილოთ ნათელი ინსტრუქციებით მოქმედება და ნეიტრალური ჩარევა სხვადასხვა საქმეებში. საკმაო დროა ამ პრობლემების გამოსასწორებლდ, მაგრამ რასაც ვხედავთ, არის საზოგადოების დიდი პოლარიზება. შეიძლება ვცდები, მაგრამ პოლიტიკური მეტოქეები, თანამდებობის პირები და ოპოზიცია არ იზიარებენ საერთო ფასეულობებს. ჩვენ გვინდა ვიხილოთ არჩევნები, როგორც დემოკრატიის ზეიმი საქართველოში”, – განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ტონინო პიცულამ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისს ორშაბათს ეწვია. მათ შეხვედრები გამართეს ოპოზიციის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრების განცხადებით, ეს ვიზიტი მოსამზადებელი პერიოდი იყო გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების ჩამოსვლამდე საქართველოში.
რამდენიმე დღით ადრე ასევე შეშფოთება გამოთქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს თანამომხსენებლებმა –მაიკლ ასტრუპმა (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩმა (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყადაღებულ იქნა ოპოზიციური კოალიცია “ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშები, რაც აფერხებს კოალიციის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებას.
“გადამეტებული და არაპროპორციული ჯარიმები, რომლებიც დაკისრებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, მნიშვნელოვნად უშლის ხელს ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ ფუნქციონირებას. ეს შემაშფოთებელია, განსაკუთრებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიკერძოებულობის შესახებ მრავალჯერადად გაჟღერებული ბრალდებების და სანდო ორგანიზაციების– ისეთის, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია– ანგარიშების გათვალისწინებით, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამ საკითხებთანთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილებების სამართლიანობას”, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.
თუმცა, მაშინ საქართველოს მთავრობამ უარყო ეს განცხადება და ამ ინფორმაციას კოალიცია “ქართული ოცნების” ლობისტების მიერ გავრცელებული შეუსაბამო ბრალდება უწოდა.