ახალი ამბები

ორ პარტიაზე კონცენტრაცია და არასიღრმისეული კრიტიკა – სატელევიზიო მონიტორინგის შედეგი

15 ნოემბერი, 2016 • 2073
ორ პარტიაზე კონცენტრაცია და არასიღრმისეული კრიტიკა – სატელევიზიო მონიტორინგის შედეგი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ საარჩევნო პერიოდში მაუწყებლების მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველაზე ხშირად ტელეარხები ისევ ორ პოლიტიკურ პარტიას, “ქართულ ოცნებასა” და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” უთმობდნენ დროს, ხოლო პოლიტიკური ტოკშოუების წამყვანთა უმრავლესობა სიღრმისეულ კრიტიკულ, დამაკონკრეტებელ კითხვებს არ უსვამდა რესპონდენტებს.

არის თუ არა გადაცემის თემა რელევანტურად შერჩეული? რამდენად შესაბამისია მოწვეულ სტუმართა კვალიფიკაცია სადისკუსიო თემასთან? სტუმრების შერჩევისას ხომ არ ჩანს მიკერძოება? როგორ მიმდინარეობს მსჯელობა? რამდენად კარგად მართავს დისკუსიას წამყვანი? როგორია მისი კითხვები? არის თუ არა მომზადებული? აძლევს თუ არა ცრუ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას სტუმრებს? გადაცემა ხომ არ არის გამოყენებული სიძულვილის ენის გასავრცელებლად? საერთო ჯამში, იღებს თუ არა მაყურებელი რაიმე დამატებით ინფორმაციას, რაც მას გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება? – ეს ის საკითხებია, რასაც ქარტიის მონიტორები სატელევიზიო ტოკშოუების მონიტორინგისას აკვირდებოდნენ.

ქარტიის მედიამონიტორები ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში 2016 წლის 25 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით აკვირდებოდნენ პოლიტიკურ ტოკშოუებს 11 არხზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი2, იმედი, მაესტრო, GDS, კავკასია, ტაბულა, ტვ პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია და 25-ე არხი. დაკვირვების შედეგად რამდენიმე მახასიათებელი გამოიკვეთა, მაგალითად, როგორც 15 ნოემბერს, კვლევის პრეზენტაციაზე აღნიშნეს, მედიაგარემო კვლავ პოლარიზებულია.

რაში გამოიხატება მედიაგარემოს პოლარიზაცია?

ტელეკომპანიებზე- GDS-ზე (“2030”-ის სტუმრების ბლოკი), “მაესტროზე”, “იმედზე”, უფრო ხშირად ტოკშოუების სტუმრები იყვნენ “ქართული ოცნების” წევრები და მათი მისამართით კრიტიკული კითხვები ნაკლებად ისმებოდა, რუსთავი 2-ის ეთერში კი ხშირად იყვნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები. თუმცა კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსთავი 2-ის ეთერში არჩევნებში მონაწილე ყველა კვალიფიციურ სუბიექტს ჰქონდა შესაძლებლობა, ამომრჩევლისთვის საკუთარი ხედვები გაეცნო. მიუხედავად იმისა, რომ ამ არხზე კენჭისყრის დღემდე სხვადასხვა თემაზე სადისკუსიოდ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები თანაბრად იყვნენ წარმოდგენილი, გამონაკლის შემთხვევაში მაინც გამოვლინდა არასამართლიანი მიდგომა.

მაგალითად, 18 ოქტომბერს, როდესაც რუსთავი2-ზე გადიოდა გადაცემა “არჩევნები 2016”, საზოგადოების წევრები, რომლებიც “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, კვლევის მიხედვით, ფაქტობრივად, მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, “ოცნებისათვის” არ მიეცათ ხმა. შემდეგ კი ენმ-ის კანდიდატი ელენე ხოშტარია ჩართეს და აუდიტორიასთან მიმართვისათვის დრო მისცეს. “ეთერში მეორე ტურის მონაწილე მხოლოდ ერთი კანდიდატის მოწვევა არათანაბარ ვითარებაში ამყოფებს სხვა კანდიდატებს”, – წერია ქარტიის მონიტორინგში.

GDS-ზე გადაცემა “2030” ყოველდღიურად იწვევდა რამდენიმე სტუმარს საინფორმაციო გადაცემის დასრულების შემდეგ და მიმდინარე თემებს განიხილავდა მათთან. წინა პერიოდის მსგავსად, კვლევის ავტორების დაკვირვებით, “განსაკუთრებით დიდი დრო” დაეთმო ქართული ოცნების წევრებს (მათი 27 წარმომადგენელი იყო გადაცემაში მოწვეული, მათ შორის ირაკლი კობახიძე – ოთხჯერ) მაშინ, როდესაც სხვა არც ერთი პარტიის 7-ზე მეტ წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა. წამყვანის თქმით კი, ენმ არხს ბოიკოტს უცხადებს.

2030-ის სტუმართა რაოდენობა - მათ ყველაზე მეტი სტუმარი "ქართული ოცნებიდან" ჰყავდათ

2030-ის სტუმართა რაოდენობა – მათ ყველაზე მეტი სტუმარი “ქართული ოცნებიდან” ჰყავდათ. დიაგრამა: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ტაბულას ეთერში გადაცემა “თეორემაში” მონაწილეობდნენ 5 პარტიის წარმომადგენლები – ენმ, პაატა ბურჭულაძის პარტია, გირჩი, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები. ტელევიზიის განმარტებით, “ქართული ოცნება” უარს ამბობდა გადაცემაში მონაწილეობაზე, თუმცა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, “ტაბულას” არ აუხსნია, თუ რატომ არ მოიწვიეს სხვა პარტიების წარმომადგენლები და რატომ შეაჩერეს ყურადღება მხოლოდ ამ ხუთ საარჩევნო სუბიექტზე.

“მიუხედავად იმისა, რომ წამყვანებმა რამდენჯერმე განაცხადეს “ქართული ოცნების” მიერ გადაცემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, მაინც საჭიროა, რომ ან თავად წამყვანებმა დასვან კონტრკითხვები, ან მოიყვანონ ისეთი რესპონდენტი, რომელიც კონტრარგუმენტებით უპასუხებს იმ პირებს, ვინც მმართველ პარტიას აკრიტიკებს. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ერთი მხარის მოსაზრებები, კრიტიკა და ბრალდებები მიეწოდება საზოგადოებას”, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტელეკომპანია “ობიექტივი” კვლავ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ტრიბუნად რჩებოდა, რადგან ამ პარტიის წევრები, ფაქტობრივად, ყველა გადაცემაში მონაწილეობდნენ. წამყვანთა ნაწილი კი მათ ღიად უცხადებდა მხარდაჭერას. ამას გარდა, გადაცემის წამყვანი ბონდო მძინარაშვილი ჯერ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მეორე ტურში ვერ გავიდა, კვლავ ეთერში დაბრუნდა წამყვანად “ობიექტივზე”. საერთო ჯამში, გადაცემაში სტუმრად იყვნენ: “პატრიოტთა ალიანსის” 29 წევრი, 3 წევრი “ქართული ოცნებიდან”, თითო-თითო წევრი “ეროვნული ფორუმიდან”, “სახალხო პარტიიდან” და გოგი თოფაძის პარტიიდან, ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

"ობეიქტივის" "ღამის სტუდიის" სტუმართა რაოდენობა პოლიტიკური პარტიების მიხედვით. დიაგრამა: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

“ობეიქტივის” “ღამის სტუდიის” სტუმართა რაოდენობა პოლიტიკური პარტიების მიხედვით. დიაგრამა: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სწორედ სალომე ზურაბიშვილი იყო გამონაკლისი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანიდატებს შორის, ვისაც 25 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში მედიის მხრიდან ყურადღება დაეთმო. მაგალითად, ამ პერიოდში პერიოდში ტელეკომპანია “კავკასიის” ტოკშოუ “ბარიერში” არც ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი არც ერთხელ არ მოუწვევიათ.

რაზე კეთდებოდა აქცენტები ტოკშოუებში?

როგორც ქარტიის კვლევიდან ვიგებთ, არჩევნების I ტურის დასრულების შემდეგ ტოკშოუებში შემცირდა საარჩევნო თემატიკის განხილვა და ნაკლები დრო დაეთმო II ტურში გასული კანდიდატების ხედვებს – ტოკშოუების დიდი ნაწილის განსახილველი თემა ამა თუ იმ პირის შეფასებები და მათი მსჯელობა იყო. ისინი ძირითადად იმეორებდნენ საინფორმაციო გადაცემებით გასულ მოსაზრებებს და ახალ ინფორმაციასა თუ ანალიზს ნაკლებად აწვდიდნენ აუდიტორიას.

საანგარიშო პერიოდის I ეტაპზე რამდენიმე ტელეკომპანიამ (GDS, მაესტრო, იმედი) დიდი დრო დაუთმო “მოსალოდნელ დესტაბილიზაციას”, თუმცა ახალი არგუმენტაცია, თუ რას ეფუძნებოდა ეს მოლოდინი, არ გაჟღერებულა. მეორე ეტაპზე აქტუალური გახდა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული პროგნოზი და საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე მსჯელობა.

აქვე: წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: “დესტაბილიზაციის საფრთხე – როგორ მოიპოვა “ოცნებამ” გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ხმები

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ერთი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საფრთხეებთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ისინი ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ, ხმა არ მიეცათ “ქართული ოცნებისათვის”. ამ თემაზე სასაუბროდ “რუსთავი2:-ის ეთერში მხოლოდ ის სტუმრები იყვნენ მიწვეულნი, რომლებიც ამ საფრთხეებს იზიარებდნენ, “2030″-ის ეთერში კი – მხოლოდ ენმ-ის მოწინააღმდეგეები. 17 ოქტომბერს ტელეკომპანია “კავკასიაზე”, სადაც ამავე თემაზე საუბრობდნენ, სტუმრად არ ყოფილა ამ კამპანიის მონაწილე არც ერთი პირი, ვინც ოპონირებას გაუწევდა “ქართული ოცნების” წარმომადგენელს, რომელიც “კავკასიის” ეთერში 30 წუთის განმავლობაში საუბრობდა.

ასევე, კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ დებატების დროს წამყვანები ხშირად მხოლოდ მოდერატორის ფუნქციას ასრულებდნენ, არ სვამდნენ დამაკონკრეტებელ კითხვებს, რის გამოც რესპონდენტების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება კვლავ პრობლემად დარჩა.

 

როგორ აშუქებდნენ მაუწყებლები ახალ ამბებს?

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორები, არხების სხვადასხვა პოლიტიკური ტოკშოუს გარდა, აკვირდებოდნენ ახალი ამბების გაშუქებასაც. საინფორმაციო საშუალებებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ 9 არხმა ყველაზე მეტი დრო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (ენმ) დაუთმო, ამასთან, ეს პარტია დადებითი ტონით 4 არხზე (I არხი, რუსთავი2, კავკასია და ტვ პირველი) გაშუქდა, ყველაზე უარყოფითი ტონით კი ენმ “ობიექტივმა” გააშუქა.

პარტია “ქართული ოცნება” ყველაზე დადებითად, წინა პერიოდის მსგავსად, GDS-ის ეთერში ჩანდა – მისთვის დათმობილი დროის 4% პოზიტიური იყო, ნეგატიურად “ქართული ოცნება” ყველაზე დიდი დოზით “რუსთავი2”-ის ეთერში გაშუქდა (45%).

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დადებითი ტონით 4 არხზე (I არხი, რუსთავი2, კავკასია და TV “პირველი”) გაშუქდა — 1-1%-ით. ყველაზე უარყოფითად პოლიტიკური პარტია ტელეკომპანია “ობიექტივმა” გააშუქა.

მთავრობა ყველაზე დადებითად (დათმობილი დროის 11%) GDS-ის ეთერში გაშუქდა. ყველაზე უარყოფითი გაშუქება მთავრობას, წინა პერიოდების მსგავსად, ისევ “რუსთავი2”-ზე აქვს.

როგორც ტოკშოუების შემთხვევაში, ახალი ამბების ნაწილშიც გამოიკვეთა, რომ “ობიექტივი” გამორჩეულად სწყალობს საარჩევნო ბლოკ “პატრიოტთა ალიანსს”

თუკი წინა საარჩევნო პერიოდებში სამონიტორინგო არხების უმრავლესობა საკუთარი ეთერის ყველაზე დიდ ნაწილს საქართველოს მთავრობის საქმიანობას უთმობდა, ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია შეიცვალა და მათ უფრო მეტად პოლიტიკური პარტიების გაშუქება დაიწყეს.

შინაარსობრივი ანალიზისას გამოვლინდა, რომ არხები მეტწილად ეთიკური სტანდარტების შესაბამისად აშუქებენ სუბიექტებს, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება ბალანსის დარღვევის შემთხვევები. მონიტორინგის განვლილ პერიოდებშიც ტელევიზიების მთავარი პრობლემა მხარეთა შორის ბალანსის დარღვევა იყო.

მაგალითად, ტელეკომპანია “რუსთავი2″-ის ეთერში კენჭისყრის წინა დღეს 17-წუთიანი სიუჟეტი მიეძღვნა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის შეფასებას. როგორც ქარტიის მკვლევრები წერენ, მთელი სიუჟეტი გაჯერებული იყო “ქართული ოცნების”, ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი კრიტიკით. “სიუჟეტში პირდაპირ დასდეს ბრალი ოცნების ლიდერებს არაერთი დანაშაულის ჩადენაში [მაგალითად, 2012 წლის არჩევნების წინა ღამით გურჯაანში მოკლული მცირეწლოვნის, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობაში და ა.შ], თუმცა ამ ბრალდებების დამადასტურებელი მყარი მტკიცებულებები სიუჟეტში არ იყო მოყვანილი”, – ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ისევ მოუგვარებელია ე.წ კადრ-სინქრონების ბალანსის საკითხიც, რაზეც წინა ანგარიშებშიც საუბრობდნენ ქარტიის მკვლევრები – არხები ახალ ამბებს ხშირად ე.წ კადრ-სინქრონებით აშუქებენ და, ზოგ შემთხვევაში, ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით არის გადმოცემული.

მაგალითად, კადრ-სინქრონების გაშვებისას ბალანსის დარღვევა, სხვა არხებთან ერთად, შეიმჩნეოდა ტვ “პირველის” საინფორმაციო გამოშვებაში და ტელეკომპანია “კავკასიაზეც”.

მაგალითად, “კავკასიაზე” ერთ-ერთ მასალაში მარნეულის გამგებელმა და მარნეულში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა სპეციალურ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულეს. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, აღნიშნულ ბრალდებაზე არ იყო “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთი წარმომადგენლის კომენტარი და ამბავი ცალმხრივად და დაუბალანსებლად იყო გადმოცემული.

ტელეკომპანია “პირველზე” კი ერთ-ერთი კადრ-სინქრონში “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, ანი მიროტაძე, ამბობს, რომ “ქართული ოცნების”, ენმ-ისა და “თავისუფალი დემოკრატების” მხრიდან ჭიათურაში საარჩევნო ხმების სანაცვლოდ ფული დარიგდა. მიროტაძის თქმით, ამ ყველაფრის უკან კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” იდგა, თუმცა მიროტაძის ამ ბრალდებას, როგორც კვლევაშია აღნიშნული, არც ერთი მის მიერ ჩამოთვლილი სუბიექტის საპასუხო კომენტარი არ მოჰყოლია და არც კომენტარის მოპოვების მცდელობა ჩანდა. “ამბავი იყო ერთ წყაროზე დაყრდნობით გადმოცემული, იყო დაუზუსტებელი და დაუბალანსებული”, – ვკითხულობთ კვლევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი