ახალი ამბები

ივანიშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, ითანამშრომლებს თუ არა კუკავასთან

23 აგვისტო, 2012 •
ივანიშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, ითანამშრომლებს თუ არა კუკავასთან

“გამოვთქვამ მზადყოფნას, ნებისმიერ დროს აღნიშნულ საკითხზე შევხვდეთ “ქართული ოცნების” ლიდერებს, ჩავატაროთ პრაიმერი ან სოციოლოგიური გამოკითხვა ერთიან ოპოზიციურ კანდიდატთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა კუკავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც კოალიციამ მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა თბილისის რამდენიმე ოლქში:

 

ვაკეში – ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა, კრწანისში – “ტრადიციონალისტთა” პარტიის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, ისანში – სპოტსმენი გელა კეტაშვილი, სამგორში – “თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე, დიდუბეში – პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორქთიფანიძე. “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში იქნება.

კანდიდატების დასახელების მიუხედავად, “თავისუფალი საქართველო” მზადყოფნას გამოთქვამს, რომ შეთანხმდეს ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე ყველა საარჩევნო ოლქში და ამ მიზნით მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ისინი არ დააყენებენ კანდიდატს და მხარდაჭერას უცხადებენ კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს ზაზა პაპუაშვილს.

კოალიცია უახლოეს დღეებში გეგმავს საბურთალოს, გლდანის, ნაძალადევისა და ჩუღურეთის ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას.


ითანამშრომლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი კუკავას კოალიციასთან, ამ საკითხზე “ქართული ოცნების” ლიდერის პასუხი ასეთია:

 

“გარდა ფსევდოოპოზიციური პარტიებისა – ქდმ, “ახალი მემარჯვენეები”, “ლეიბორისტები”, დანარჩენ პარტიებზე მოგვიანებით ჩვენ  გავაკეთებთ ანალიზს დ ყველგან კონკრეტულ ხედვას მოგახსენებთ ჩვენსას, ყოველგვარი მიკიბვ–მოკიბვის გარეშე გეტყვით, ვისზე რას ვფიქრობთ. ცოტა გვიან გავაკთებთ ანალიზს, ჯერ კიდევ დაველოდები ყველა პარტიის პოზიციას”.

 

გუშინ ბიძინა ივანიშვილის გუნდთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა კოალიციამ, რომელიც აერთიანებს ჯონდი ბაღათურიას “ქართულ დასსა” და მინდია გულუას “განახლებულ საქართველოს”.

 

ცოტა უფრო ადრე კი ივანიშვილი პირადად შეხვდა “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარესა და სახალხო კრების ერთ-ერთ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს. სახალხო კრების რამდენიმე წევრი ივანიშვილმა უკვე დაასახელა კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი