აღსრულების ბიუროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით და კრედიტორ – სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს, თუმცა აღსრულების ბიურომ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს თანამომხსენებლებმა შეშფოთება გამოხატეს ცნობებთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყადაღებულ იქნა ოპოზიციური კოალიცია “ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშები, რაც აფერხებს კოალიციის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებას.
აღსრულების ეროვნული ბიუროში განმარტავენ, რომ ისინი ახორციელებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლითაც კოალიციის სუბიექტებს – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ და ააიპ „საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება“, ჯარიმის სახით, სოლიდარულად დაეკისრათ 2 859 717 06 ლარის გადახდა.
“დღეის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კოალიციის ანგარიშების დაყადაღების გარეშე, აღსრულება განახორციელა 122,000 ლარზე, რაც დაკისრებული ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილია”, – განმარტავენ აღსრულების ბიუროში.
მანამდე საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივლისამდე “ქართულმა ოცნებამ” შეაგროვა 44,539,123 ლარი და ამ თანხის 0.3% ამოიღო ჯარიმის სახით აუდიტის სამსახურმა, რაც მთავრობის განცხადებით, “ვერ შეაფერხებს “ქართულ ოცნების” მიერ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თავისუფალი და აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას.”
კოალიცია “ქართული ოცნების” პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, 2011 წლის ნოემბრიდან “ქართულმა ოცნებამ” შემოწირულობის სახით 10.5 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო ის თანხა, რომელიც მთავრობის განცხადებაში იყო წარმოდგენილი, კოალიციის მიერ რეალურად მოზიდული შემოწირულობისა და იმ ჯარიმების ჯამს წარმოადგენს, რომელიც “ქართულ ოცნებას” აუდიტის სამსახურმა უკანონოდ დააკისრა.