ახალი ამბები

ინაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, პარლამენტის შეკრებამდე განიხილოს მათი სარჩელი

14 ნოემბერი, 2016 • 1706
ინაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, პარლამენტის შეკრებამდე განიხილოს მათი სარჩელი

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, პარლამენტის პირველ შეკრებამდე განიხილოს “პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი. ინაშვილი ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, სააჯარო გახადოს ინფორმაცია იმის შესახებ, მიიღო თუ არა წარმოებაში სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ:

“სარჩელი უკავშირდება კაზუსს, რომელიც დაფიქსირებულია და ამას ადასტურებს ყველა ექსპერტი, ყველა პირი, რომელიც მეტ-ნაკლებად იცნობს საარჩევნო ტექნოლოგიას. საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არაა საარჩევნო კოდექსი. ეს რომ შესაბამისობაში იყოს, “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციას არა 6 დეპუტატი უნდა ჰყავდეს მომავალ პარლამენტში, არამედ 10″,- განაცხადა იანშვილმა დღეს, 14 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ინაშვილი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, დაუყოვნებლივ იქნას მოწვეული შესაბამისი სხდომა, რომელმაც უნდა გამოიტანოს სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მანამდე, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს.

მისივე ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ “პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი წარმოებაში მიიღო, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე არ აუტვირთავს. ინაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, საჯარო გახადოს აღნიშნული ინფორმაცია. საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით განმწესრიგებელი სხდომა 10 ნოემბერს ჩაატარა, მაგრამ ცნობილი არაა გადაწყვეტილება, მიიღო თუ არა სარჩელი წარმოებაში სასამართლომ.

საარჩევნო ბლოკი “დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” მოითხოვს, რომ ბათილად იქნას ცნობილი ცესკოს მიერ 23 ოქტომბერს გამოცემული ადმინისტრაციული აქტი მანდატების გადანაწილების ნაწილში. ისინი ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემას მოითხოვენ.

“პატრიოტები” მიიჩნევენ, რომ მანდატები არასამართლიანად და არაკონსტიტუციურად არის გადანაწილებული და მათ 6-ის ნაცვლად მინიმუმ 19 მანდატი ეკუთვნით.

მათივე განცხადებით, არ დავობენ იმაზე, რომ მანდატები ცესკომ საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით გადაანაწილა, თუმცა ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 50-ე მუხლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი