ახალი ამბები

NDI-ის აქცენტები და რეკომენდაციები საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში

14 ნოემბერი, 2016 • 1770
NDI-ის აქცენტები და რეკომენდაციები საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) საბოლოო ანგარიშის მიხედვით,  საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ხასიათდებოდა ღია პოლიტიკური გარემოთი, კონკურენტული საარჩევნო კამპანიით, შედეგებით, რომელიც სანდო დამკვირვებლების მონაცემებს დაემთხვა და რამდენიმე ძირითადი პრობლემით, რომელზეც ყურადღების გამახვილებაა საჭირო.

საბოლოო ანგარიშის თანახმად,  მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პარტიებსა და კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში დაუსაბუთებელი შეზღუდვებისა და დისკრიმინაციის გარეშე:

“მათ აგრეთვე შეეძლოთ, ეწარმოებინათ კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით და თავისუფლად მიეტანათ მესიჯები საზოგადოებამდე, რასაც საქართველოში არსებული საკმაოდ აქტიური და პლურალისტური მედიაგარემო უწყობდა ხელს. მოქალაქეებმა ხმა თავისუფალ გარემოში მისცეს. ”

ამავე ანგარიშით, არჩევნების დროს რამდენიმე ძირეული პრობლემა გამოიკვეთა:

“მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო: საარჩევნო პროცესის განმავლობაში მიმდინარე ძალადობისა და დაშინების შემთხვევები; საუბნო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრის კვალიფიკაციის, ნეიტრალურობისა და კომპეტენციის საკითხი; და საჩივრების განხილვის მექანიზმების მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრობის მიმართ არსებული კითხვები. დამატებით, არჩევნებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან, პარტიების საარჩევნო კამპანიის სტრატეგიებთან, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებთან, კამპანიის დაფინანსებასა და ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენებასთან და ქალებისა და უმცირესობების ჯგუფების წარმომადგენლობის ნაკლებობასთან დაკავშირებული ხარვეზები გამოავლინა”.

NDI-ს შეფასებთ, მედიაგარემო რეგიონში ყველაზე თავისუფალი და მრავალფეროვანია, თუმცა, პოლიტიზებული:

“და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიასაშუალება სამართლებრივი მუქარის ქვეშაა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. კონკურენტული, მრავალპარტიული არჩევნები ჩვეულ ნორმას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების (გარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისა), დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია. თავის მხრივ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გარემო გაუარესდა და მაგალითად მოჰყავთ მათი წარმომადგენლების დაპატიმრება, ძალადობისა და სროლების შემთხვევების დაუსჯელობა და არათანაბარი პირობები.”

საქართველოში 2017 წელს იმართება ადგილობრივი, 2018 წელს კი – საპრეზიდენტო არჩევნები. მომავალი არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის განსამტკიცებლად  NDI-მ შემდეგი რეკომენდაციები მოამზადა:

● მომავალი არჩევნებისთვის შემაკავებელი ეფექტის უზრუნველსაყოფად კანონის დამრღვევი პირები უნდა დაისაჯონ და გასამართლდნენ პროპორციულად, თანმიმდევრულად და მოკლე ვადებში.

● ცესკომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააძლიერონ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ტრენინგი საარჩევნო უსაფრთხოების შესახებ. პოლიცია უნდა იყოს მზად, რომ დროულად მივიდეს ძალადობის მაღალი რისკის მქონე ადგილებში და სიტუაციების დროს, რათა მომავალი არჩევნების დროს დაძაბულობა შეამციროს.

● არჩევნების დღეს პოლიციის მხრიდან ნელი ან არაადეკვატური რეაგირების შესახებ საჩივრები უნდა იყოს გაანალიზებული მომავალში მათი მხრიდან რეაგირების გაუმჯობესების მიზნით.

● უნდა მოხდეს ისეთი ზომების მიღება, რომელიც, ერთი მხრივ, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანების შეკრების თავისუფლებას დაიცავს და, მეორე მხრივ, დაშინებისა და პროცესისთვის ხელის შეშლის შესაძლებლობებს მინიმუმამდე დაიყვანს.

● პარტიებმა უნდა შეიმუშაონ შიდა ანგარიშვალდებულების მექანიზმები და სანქციები იმ წევრებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ძალადობისა და დაშინების შემთხვევებში.

● პარტიებმა სამომავლოდ კანდიდატებისა და აქტივისტებისთვის მრავალპარტიული ქცევის კოდექსები უნდა შეიმუშაონ.

● დაცული უნდა იყოს სანდო, დამოუკიდებელი დამკვირვებლების უფლებები, რათა ღიად დააფიქსირონ თავიანთი მიგნებები.

ამასთან, NDI-ს მიიჩნევს, რომ  პარლამენტმა უნდა განაახლოს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი, რათა მიღწეულ იქნას შეთანხმება საარჩევნო სისტემის რეფორმაზე.

ამავე ანგარიშის მიხედვით,  ცესკომ და შესაბამისმა უწყებებმა ყველა ლეგიტიმურ კრიტიკას უნდა უპასუხონ, აწარმოონ დიალოგი ყველა მომჩივანთან და უზრუნველყონ მათი საქმიანობის გამჭვირვალობა პროცესის მიმართ ნდობის ასამაღლებლად.

“შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, პარლამენტმა და ცესკომ უნდა მოახდინონ ხმის დათვლის, შემაჯამებელი ოქმების შევსების და სხვა პროცედურების გამარტივება და, ამავდროულად, შეინარჩუნონ ამ პროცესის გამჭვირვალობა და გადამოწმების საშუალება.   ცესკომ უფრო ნათლად უნდა განმარტოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პროფესიული კვალიფიკაცია და შერჩევის პროცედურები, მათ შორის მიუკერძოებულობის სტანდარტები, და პრიორიტეტი მიანიჭოს გამოცდილების მქონე კანდიდატებს.  ცესკომ არჩევნების შედეგები დამუშავებად ფორმატში უნდა გამოაქვეყნოს, რაც ხელს შეუწყობს ამ შედეგების ხელმისაწვდომობასა და ანალიზს.”

ამასთან, NDI გამოსცემს რეკომენდაციას, რომ პარლამენტმა, ცესკოსთან თანამშრომლობით,  აღმოფხვრას საარჩევნო კანონმდებლობის ხარვეზები, რომელიც კანდიდატების რეგისტრაციას, კამპანიის წარმოებას, მათ შორის სოციალური მედიის გამოყენებას და შემაჯამებელი ოქმებში არსებულ უზუსტობებს შეეხება.

საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობის შესამცირებლად, NDI ცესკოს მოუწოდებს, შეიმუშაოს არასამთავრობო ორგანიზაციების აკრედიტაციის კრიტერიუმები:

“რათა ყველა სანდო ჯგუფს, რომელიც არჩევნების დაკვირვების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს იზიარებს, არჩევნებზე დაკვირვების საშუალება ჰქონდეს და, ამავდროულად, საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობა და არაპროფესიონალიზმი შემცირდეს.”

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო საჩივრების განხილვაზე პასუხისმგებელმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და სასამართლომ დროულად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა იმოქმედოს და, საჭიროების შემთხვევაში, საჩივრების დაკმაყოფილების ეფექტური მექანიზმები გამოიყენოს.  ამასთან, NDI-ში მიიჩნევენ, რომ  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს და საჯარო გახადოს თავისი მანდატი და პროცედურები; შექმნას დარღვევებსა და ძალადობის ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების მექანიზმი; და შეიმუშაოს გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარების მეთოდი.

ამასთან, 8 ოქტომბრის არჩევნებით უკმაყოფილო საარჩევნო სუბიექტებს NDI მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებს:

“პარტიებმა და კანდიდატებმა, რომლებიც უკმაყოფილონი არიან 8 ოქტომბრის არჩევნების ჩატარებით, საკუთარ საჩივრებს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა დაურთონ და შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ იმისთვის, რომ მშვიდობიანად მოითხოვონ საკუთარი საჩივრების დაკმაყოფილება.”

პარტიებსა და კანდიდატებს, რომლებიც მომავლ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, NDI  ურჩევს,  შეიმუშაონ და წარმოადგინონ მკაფიო პლატფორმები:

“რომელიც შეიცავს მათ ხედვას სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით; გამოიყენონ საჯარო დებატებში მონაწილეობის ყველა შესაძლებლობა; და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისა და გამოსვლებისგან, რაც ზიანს აყენებს საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობას.”

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კონტექსტში  NDI მიიჩნევს, რომ  პარტიის ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ კამპანიის ფინანსური ტრანზაქციების გამჭვირვალობა, უარი თქვან ისეთი კერძო, კორპორატიული ან უცხოური რესურსების მიღებასა და გამოყენებაზე, რომელიც არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს და სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.

ასევე, NDI მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჟურნალისტებმა და სამთავრობო უწყებებმა, შესაძლებლობების ფარგლებში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს როგორც დეკლარირებულ, ასევე არადეკლარირებულ ფულად ნაკადებს მონიტორინგი გაუწიონ.

“უნდა გატარდეს ადმინისტრაციული რეფორმები ადგილობრივ დონეზე, მათ შორის, საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვებისგან კანონით დაცვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ზეწოლის თავიდან ასაცილებლად.  საარჩევნო კამპანიაში სახელმწიფო მოხელეების ჩართულობის რეგულირებისთვის უფრო მკაცრი ზომები უნდა იყოს გათვალისწინებული.   უნდა მოხდეს არჩევნების პერიოდში პირადი მონაცემების დაცვის რეგულაციების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოძიება.”

NDI ხაზს უსვამს, რომ პარლამენტმა უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს კანონპროექტს სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ:

“შემდეგი არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მოიზიდონ, ტრენინგი ჩაუტარონ და მხარი დაუჭირონ მეტ ქალსა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს და განავითარონ პარტიის ინფრასტრუქტურა ისე, რომ ხელი შეუწყონ ქალებსა და ეთნიკურ უმცირესობებს, ასახონ ამ ჯგუფების წინაშე არსებული კონკრეტული პრობლემები პარტიის პოლიტიკაში.”

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაციაში წარმოდგენილნი იყვნენ დამკვირვებლები 11 სხვადასხვა ქვეყნიდან. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ: სემ გედჯენსონი, აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრი კონეკტიკუტის შტატიდან; ტედ კაუფმანი, აშშ-ის ყოფილი სენატორი დელავერის შტატიდან; იანუშ ონიშკევიჩი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი; და ანემი ნეიტს-უტებროკი, ბელგიის სახელწიფო მინისტრი და ევროპარლამენტის ყოფილი წევრი; ლორა ჯუიტი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი; და ლორა თორნტონი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი