ახალი ამბები

დამწყები ბიზნესმენების მიღწევები და გამოწვევები საქართველოში

14 ნოემბერი, 2016 • 2263
დამწყები ბიზნესმენების მიღწევები და გამოწვევები საქართველოში

რა წარმატებებსა და სირთულეებს აწყდებიან დამწყები ბიზნესმენები, ე.წ. სტარტაპელები საქართველოში, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო მათ მხარდაჭერაზე და რატომაა მნიშვნელოვანი სტარტაპთა მხარდაჭერა, განსაკუთრებით ტექნოლოგიური ინოვაციების კუთხით? – ეს ის საკითხებია, რომელზეც დღეს, 14 ნოემბერს ტექნოლოგიურ პარკში  “გლობალური მეწარმეობის კვირეულის” გახსნაზე მსჯელობდნენ.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე ამბობს, რომ 2016 წელს სტარტაპის დასაფინანსებლად 11 მილიონი ლარი გამოიყო, სულ 56 პროექტი დაფინანსდა, აქედან 20 პროექტი სააგენტომ დააფინანსა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სსიპ-ია, ხოლო 36 პროექტი- “თანაინვესტირების ფონდმა”. თითოეული სტარტაპ პროექტისთვის მინიმალური თანხა 15 000 ლარია, მაქსიმალური კი -100 000 ლარი. არსებობს მიკროგრანტებიც 5 000 ლარის ოდენობით, რომლისთვისაც ფინანსებს სააგენტო გასცემს და ასეთი 150 პროექტი დაფინანსდა. კასრაძე აცხადებს, რომ მომვალი წლისთვის დაფინანსება 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება და მასში მსოფლიო ბანკიც მიიღებს მონაწილეობას.

[red_box]თამაშობანა[/red_box]

“თამაშობანა” ერთ-ერთი წარმატებული სტარტაპ პროექტია, რომელიც თავიდან ნინი ჩიქოვანმა და მისმა მეგობარმა ნონა სონღულაშვილმა საკუთარი სახსრებით წამოიწყეს. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც ერთ-ერთ საღამოს, აგარაკზე ყოფნისას მათ მეგობრის შვილს “რეზინობანას” თამაში შესთავაზეს და აღმოჩნდა, რომ ბავშვმა საერთოდ არ იცოდა, რა იყო “რეზინობანა”.

“მაშინ გაგვიჩნდა იდეა, რომ ახალ თაობას აუცილებლად უნდა გავაცნოთ ის თამაშები, რასაც ძველი თაობა ვთამაშობდით”,- ამბობს ნინი ჩიქოვანი.

“თამაშობანა” სხვადასხვა თამაშებს აწარმოებს, რომელიც 3 მიმართულებად იყოფა. მეინსტრიმ თამაშები, როგორიცაა ბანქო, რეზინობანა, ქალაქობანა და ჯოკერი. ეს თამაშები 15 ლარამდე ღირს. თამაშების მეორე კატეგორიაა საშუალო სეგმენტი, აქ შედის ეზოში სათამაშო ნაკრები, წვიმაში სათამაშო ნაკრები და ნაძვის ხესთან სათამაშო ნაკრები, ასევე- აფორიზმობანა. ბოლო მიმართულებაა საშუალოზე დიდი სეგმენტი, მაგალითად, ლოტო, თამაშობანა ბურთით და ასოციაციობანა, რომელთა ღირებულება 60 ლარამდეა.

ნინი ჩიქოვანის თქმით, თავიდან 70 000 ლარი მოითხოვეს, რაც თითქმის სრულად დაუფინანსეს. იგი ასევე განმარტავს იმ ვალდებულებებსაც, რაც სტარტაპელს მიღებული თანხის სანაცვლოდ აქვს. როგორც ირკვევა, დაფინანსების სანაცვლოდ “საპარტნიორო ფონდი”კომპანიის წილს იტოვებს, რომლის გამოსყიდვის საშუალებაც კომპანიის მფლობელს დროთა განმავლობაში აქვს.

“5-10 წლის მანძილზე უნდა გამოისყიდო, იმათი ინტერესი არაა, რომ შენს ბიზნესში ჩაჯდეს ან ჩაერიოს. ეს იმისთვისაა, რომ მოტივაცია გქონდეს, რომ ნამდვილად იმუშაო. ამას გარდა, არის ყოველწლიური 10%, რომელსაც იხდი, რაც ჯობია ბანკის სესხს, რადგან ამაზე დაბალ პროცენტში ვერ აიღებ”.

ნინი ჩიქოვანის თქმით, “თამაშობანას” გააყიდვებმა 6 თვეში 50 000 ლარი შეადგინა, ახლა ამბობს, რომ წარმოება უფრო უნდა გააფართოოს.

[blue_box]Freaky Screen[/blue_box]

ვის გიყვართ მულტფილმების ყურება? – ამ შეკითხვით დაიწყო საკუთარი გამოსვლა პიტერ თომაძემ, კომპანია “Freaky Screen”-ის დამაარსებელმა. Freaky Screen ვიდეოთამაშების კომპანიაა, რომელიც მცირე ანიმაციურ ფილმებსაც აკეთებს.

პიტერ თომაძე 15 წლის იყო, როდესაც პირველი პატარა ვიდეოთამაში გააკეთა, როგორც თავად ამბობს, პირველი ორი კვირა, უბრალოდ, თამაშით ერთობოდა, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ამ თამაშის გაყიდვა შესაძლებელია:

“ამ თამაშის გაყიდვა შემეძლო ერთ-ერთ პლატფორმაზე, სადაც თამაშს ტვირთავ და სხვადასხვა სპონსორები აუქციონის პრინციპით ყიდულობენ. ამის შემდეგ მე და ჩემმა მეგობარმა დავაარსეთ კომპანია და ვაკეთებთ თამაშებს, დაახლოებით 10 თამაში გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავყიდეთ, მაგრამ გაყიდვა არ იყო მთავარი მიზანი, ჩვენ ამას, უბრალოდ, თამაშისთვის ვაკეთებდით”,- ამბობს პიტერი.

კომპანიის კიდევ ერთი მიმართულებაა ანიმაციების დამზადება, თუმცა სრულმეტრაჟიანი ანიმაციის გაკეთება კომპანიისთვის სირთულეს წარმოადგენს, რადგან საჭირო ადამიანური რესურსი ქვეყანაში ამ მიმართულებით არ არის.

“ამიტომაც ჩვენ დავიწყეთ ანიმაციური ფესტივალების კეთება, ყოველწლიურად ჩვენ საქართველოს 20 რეგიონში ჩავდივართ და ვატარებთ ანიმაციურ ფესტივალებს, ვაჩვენებთ ანიმაციებს ბავშვებს, ვორქშოფებს ვატარებთ და ვცდილობთ ადამიანები დავაინტერესოთ ამ მიმართულებით და გვაქვს სასწავლო სტუდიები საქართველოს 5 რეგიონში, სადაც უკვე დაინტერესებული ადამიანები სისტემატურად სწავლობენ ყველაფერს და საფუძვლიანად ეცნობიან ამ პროფესიას”,- ამბობს პიტერ თომაძე,

ფინანსებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთთან” საუბარი მან არ ისურვა, თუმცა მთავარი მიზანი გაგვანდო, რომ სურს, ანიმაციების კეთება კომერციულად მომგებიან ბიზნესად იქცეს ქვეყანაში.

კვირეულის გახსნაზე ბევრი ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ ტექნოლოგიურ ეპოქაში მნიშვნელოვანია, ქვეყანამ ინოვაციები განავითაროს, ამ მხრივ ინფრასტრუქტურა გამართოს და ადამიანური რესურსი გააჩინოს.

“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ფეხი აუწყოს ყველაზე თანამედროვე იდეების დინამიკას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნისთვის და იმისათვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იაზროვნოს სამეწარმეო მიმართულებით. აღმოაჩინოს უამრავი შესაძლებლობა, რომელიც ძალიან წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს როგორც მისთვის, ისე ქვეყნისთვის და მთლიანად მსოფლიოსთვის” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი.

კვირეულის გახსნას ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, რომელმაც ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის შეხვედრა გაიხსენა ქართველ მეწარმეებთან:

“ის შთაბეჭდილების ქვეშ იყო იმით, რაც მოისმინა. მას სჯერა, რომ თქვენი მსგავსი ახალგაზდა მეწარმეები ჩვენი ისტორიის კრიტიკულ და ამაღელვებელ პერიოდში მუშაობთ, სადაც მოვლენები აქამდე არნახული სიჩქარით ვითარდება. მეწარმეები არიან ადამიანები, რომლებიც როგორც საკუთარ ცხოვრებას, ისე მათ ირგვლივ მყოფების ცხოვრებას უკეთესს ხდიან თავიანთი იდეებით და მუყაითი შრომით. საქართველოს ბიზნესლიდერების მომავალ თაობას ვეტყვი, მე გახალისებთ, რომ იყოთ პირდაპირები და გჯეროდეთ თქვენი ქვეყნის მომავლის, საქართველო დიდებული ქვეყანაა, დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალით და კარგი ბიზნესიდეები შეიძლება ამ პოტენციალის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყოს”, – განაცხადა იან კელიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი