ახალი ამბები

ფანჯიკიძე მთავრობის მიერ დასახელებულ ციფრებს არარეალურს უწოდებს

22 აგვისტო, 2012 •
ფანჯიკიძე მთავრობის მიერ დასახელებულ ციფრებს არარეალურს უწოდებს

ფანჯიკიძის განცხადებით, 2011 წლის ნოემბრიდან “ქართულმა ოცნებამ” შემოწირულობის სახით 10.5 მილიონი ლარი მიიღო, ხოლო ის თანხა, რომელიც მთავრობის განცხადებაში იყო წარმოდგენილი, კოალიციის მიერ რეალურად მოზიდული შემოწირულობისა და იმ ჯარიმების ჯამს წარმოადგენს, რომელიც “ქართულ ოცნებას” აუდიტის სამსახურმა უკანონოდ დააკისრა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის ანგარიშებს საინკასო დაადო და აგვისტოში შემოწირულობის სახით შემოსული 122 000 ლარი ბიუჯეტში მიმართა, რამაც საფრთხე შეუქმნა კოალიციის პოლიტიკურ საქმიანობას, ანგარიშებზე დარჩენილი ლარი კი განულებულია”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს თანამომხსენებლებმა –მაიკლ ასტრუპმა (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩმა (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC)  შეშფოთება გამოხატეს იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყადაღებულ იქნა ოპოზიციური კოალიცია “ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშები, რაც აფერხებს კოალიციის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებას

საქართველოს მთავრობამ კატეგორიულად უარყო კოალიცია “ქართული ოცნების” ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ გაყინა “ქართული ოცნების” ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშები.

“ზოგადად, 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივლისამდე “ქართულმა ოცნებამ” შეაგროვა 44,539,123 ლარი (26 მილიონზე მეტი კანონიერად, ხოლო 18 მილიონზე მეტი – უკანონო შემოწირულობების სახით). შესაბამისად, 122,000 ლარის ამოღება ჯარიმის სახით (მთლიანი შემოსავლის 0.3%) ვერ შეაფერხებს “ქართულ ოცნების” მიერ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თავისუფალი და აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას”, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი