ახალი ამბები

აღსრულების ეროვნული ბიურო კახი კალაძისგან ჯარიმის ამოღების ფორმას არჩევს

22 აგვისტო, 2012 • • 1118
აღსრულების ეროვნული ბიურო კახი კალაძისგან ჯარიმის ამოღების ფორმას არჩევს

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კალაძის წინააღმდეგ იძულებითი აღსრულების პროცედურები უნდა განახორციელოს. 

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ბესო ლილუაშვილის ცნობით, ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, აღსრულების რა ფორმით შეუდგება უწყება კახი კალაძისგან დაკისრებული ჯარიმის ამოღებას:

 

„ვერ გაეტყვით, აღსრულების რა ფორმა იქნება გამოყენებული. ჯარიმის გადასახდელად დაწესებული შვიდდღიანი ვადა ამოიწურა. აღსრულება არის ჩვეულებრივი პროცესი. უნდა მოხდეს ქონების მოძიება-აღწერა.  როგორც კი აღსრულების ფორმაზე შევთანხმდებით, მაშინვე გაცნობებთ“ . 

ჯარიმის გადახდის ვადა 22 აგვისტოს 24 საათამდე ეწურება კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილს.

 

ამ დრომდე უცნობია, გადაიხდის თუ არა ჯარიმას ბიძინა ივანიშვილი. რამდენიმე დღის წინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ გადახდილი ჯარიმები სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გასაცემ კონპენსაციაზე დაიხარჯებოდა, ის ჯარიმის გადახდაზე კალაძესაც დაითანხმებდა.

 

კახი კალაძემ აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული  ჯარიმა 17 მილიონი ლარი და ჯარიმას სააღსრულებლო საფასური 1 186 147 ლარი არ გადაიხადა.

 

კალაძე, პირადი ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანის და მისი “ქართულ ოცნებაში” გადარიცხვის მოტივით, 10 აგვისტოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაჯარიმდა.

 

კახი კალაძის საბანკო ანგარიშები, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს დააყადაღა.  ყადაღა ადევს ასევე  კალაძის უძრავ-მოძრავი ქონებას, ავტომობილებს, საბანკო ანგარიშებს და კომპანიებს – “მაქს ბეტს” და “კალა კაპიტალს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი