ნეტგაზეთი | “მზიურის” მიმდებარედ ვერეს კალაპოტი რკინა-ბეტონის კედლით შემოისაზღვრა “მზიურის” მიმდებარედ ვერეს კალაპოტი რკინა-ბეტონის კედლით შემოისაზღვრა – Netgazeti
RU | GE  

“მზიურის” მიმდებარედ ვერეს კალაპოტი რკინა-ბეტონის კედლით შემოისაზღვრა

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის მიხედვით, მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ ხრეშოვანი გრუნტით დამბა მოეწყო. “მზიურის” პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მდინარის კალაპოტი გაფართოვდა და რკინა-ბეტონის კედლით შემოისაზღვრა.  სამუშაოების პირველი ეტაპისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 558 000 ლარამდე დაიხარჯა.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ჩატარებული სამუშაოები ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვერეს ხეობაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამუშაოები კი გრძელდება:

“მეორე და მესამე ეტაპის სამუშოები ასევე გაგრძელდება მდინარის სხვა ნაწილებში გაზაფხულზე. ამას მოჰყვება “მზიურის” კეთილმოწყობის სამუშაოები. “მზიურის” პარკი კეთილმოეწყობა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების კომპონენტი დასრულდება,” – ამბობს დავით ნარმანია.

დედაქალაქის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გივი კუბლაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოების სამივე ეტაპი დასრულდება, ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოება სრულად იქნება უზრუნველყოფილი.

13 ივნისის სტიქიამ ქალაქის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. ზიანი მიადგა ვერეს ხეობაში მდებარე ხიდებსა და გვირაბებს. სტიქიამ დააზიანა თამარაშვილი-გმირთა მოედნის და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია, დაზიანდა ახალდაბა-წყნეთისა და კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელ გზებიც. სტიქიის ზონებში განადგურდა საკომუნიკაციო სისტემები და დაზიანდა საყრდენი კედლები. სტიქიის შედეგად მოყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ამ დრომდე 90 მლნ ლარია დახარჯული. აქედან, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირებისთვის 12 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. სამუშაოები ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობას ითვალისწინებს.

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი 14.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი 14.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.