აღნიშნულ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ქართულმა ოცნებამ”, საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით, თავისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის შექმნა უკანონო სქემები. კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან კანონს.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არაერთხელ წარმოადგინა მყარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე სასამართლოებმა დააჯარიმეს “ქართული ოცნება” და მისი კოალიციური პარტნიორები საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის აშკარა დარღვევისთვის.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელზეც “ქართული ოცნების” ლობისტები საუბრობენ, აღსრულების ეროვნული ბიურო აღასრულებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებას. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წევრებმა დაარღვიეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობა და კოლექტიურად დააჯარიმა ისინი 2,850,717.06 ლარით.
საინკასო დავალება აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს უფლებას, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება ანგარიშების გაყინვის გარეშე ანუ ფულის მოძრაობის ან ანგარიშის სხვაგვარი გამოყენების შეფერხების გარეშე. არსებული მდგომარეობით, ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილი, 122,000.00 ლარი, იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამოღებული საინკასო დავალების საფუძველზე.
წინა თვეს “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად შეაგროვა 730,000 ლარი. ამ თანხის მხოლოდ 17% იქნა ამოღებული დაკისრებული ჯარიმის საფუძველზე.
ზოგადად, 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივლისამდე “ქართულმა ოცნებამ” შეაგროვა 44,539,123 ლარი (26 მილიონზე მეტი კანონიერად, ხოლო 18 მილიონზე მეტი – უკანონო შემოწირულობების სახით).
შესაბამისად, 122,000 ლარის ამოღება ჯარიმის სახით (მთლიანი შემოსავლის 0.3%) ვერ შეაფერხებს “ქართულ ოცნების” მიერ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თავისუფალი და აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას.
მთელი კამპანიის განმავლობაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლები უგულვებელყოფდნენ კანონის მოთხოვნებს და ამას არც საჯაროდ მალავდნენ.
აღნიშნული ცრუ ბრალდებები წარმოადგენს “ქართული ოცნების” მორიგ მცდელობას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია.
საქართველოს მთავრობა მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეწყვიტოს ცილისწამების კამპანია და კონცენტრირება მოახდინოს არა არჩევნების შედეგების წინასწარ დისკრედიტაციაზე, არამედ საკუთარ საარჩევნო მიზნებზე.
შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს თანამომხსენებლებმა –მაიკლ ასტრუპმა (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩმა (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) შეშფოთება გამოხატეს იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყადაღებულ იქნა ოპოზიციური კოალიცია “ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშები, რაც აფერხებს კოალიციის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებას.
“გადამეტებული და არაპროპორციული ჯარიმები, რომლებიც დაკისრებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, მნიშვნელოვნად უშლის ხელს ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ ფუნქციონირებას. ეს შემაშფოთებელია, განსაკუთრებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიკერძოებულობის შესახებ მრავალჯერადად გაჟღერებული ბრალდებების და სანდო ორგანიზაციების– ისეთის, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია– ანგარიშების გათვალისწინებით, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამ საკითხებთანთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილებების სამართლიანობას”, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.