ახალი ამბები

დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული ვეგან-აქტივისტი სასამართლოდან გაათავისუფლეს

11 ნოემბერი, 2016 •
დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული ვეგან-აქტივისტი სასამართლოდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ნოემბერს თბილისში დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული ვეგან-აქტივისტ ირაკლი კიკილაშვილისათვის წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოდ ცნო.

კიკილაშვილის თქმით, სასამართლომ საპატრულო ეკიპაჟის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია, მათ შორის- დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი დაკავების ამსახველი ვიდეომასალა.

აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც “პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ითვალისწინებს 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე. დაკავებულს საიას ადვოკატი იცავდა.

კიკილაშვილი 4 ნოემბერს, გვიან ღამით, დააკავა პოლიციამ. მისი თქმით, ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრეკა დაუპირეს, თუმცა კიკილაშვილმა მათ გაჩხრეკის ნებართვა არ მისცა, რაც მისი დაკავების საფუძველი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი