ახალი ამბებისამართალი

ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულთაგან ერთი გაათავისუფლეს

11 ნოემბერი, 2016 • 1674
ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში ბრალდებულთაგან ერთი გაათავისუფლეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 10 ნოემბერს სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის ბრალდებით დაკავებული სამი პირიდან ერთ–ერთი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

როგორც ნეტგაზეთს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განუცხადეს, დაკავებულის ადვოკატი ითხოვდა, რომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 10 ათასი ლარის გირაოთი შეეცვალათ.  შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.

რადიო “ათინათის” ინფორმაციით, გათავისუფლებულია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის დროს ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნების დარბევის ბრალდებით დაკავებული გია მხეიძე. ერთ–ერთი თვითმხილველი, 79-ე უბნის კომისიის წევრი გულნარა ბენდელიანი ამბობს, გია მხეიძემ ფეხით შეანგრია საარჩევნო უბნის კარი და სწორედ ის მეთაურობდა ინციდენტში მონაწილეებს. უბნის დარბევის შედეგად დაშავდა ორი საერთაშორისო დამკვირვებელი.

გია მხეიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გირაოს გადასახდელად მას 30 დღე განუსაზღვრა.

შსს–მ საარჩევნო უბნების დარბევის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ინფორმაციით, კიდევ ერთი ბრალდებულის საქმე წინასასამართლო სხდომის ეტაპზეა, ხოლო მეორის – არსებითად განსახილველად არის გადაცემული.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დღეს, 8 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარის 108-ე და 79-ზე უბნებზე 10-მდე ადამიანი შეიჭრა და უბნები დაარბია, რის შედეგად ორი საერთაშორისო დამკვირვებელი დაშავდა და საჭირო გახდა განმეორებითი არჩევნების ჩატარება.

მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ-ს 162-ს პრიმა და 163–ე მუხლებით იძიებდა. 162–ე პრიმა მუხლი კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარას გულისხმობს, ხოლო და 163-ე მუხლი საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლას. ასევე 163-ე უხლით მიმდინარეობდა გამოძიება ჯიხაშკარის N108-ე საარჩევნო უბნის დარბევასთან დაკავშირებითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი