ახალი ამბები

რაგბი: გორგოძის თქმით, იაპონია ფავორიტია, მაგრამ საქართველო თამაშის დათმობას არ აპირებს თბილისში

11 ნოემბერი, 2016 • 1693
რაგბი: გორგოძის თქმით, იაპონია ფავორიტია, მაგრამ საქართველო თამაშის დათმობას არ აპირებს თბილისში

დღეს, 11 ნოემბერს,  საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა  და ნაკრების კაპიტანმა, მამუკა გორგოძემ იაპონიასთან მატჩის წინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

“ნებისმიერი ტესტ-მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. გუნდში გვყავს ახალი მწვრთვნელები, რომლებიც ძალიან გამოცდილები არიან. მსოფლიოში ყველამ იცის, რომ შერკინება ჩვენი ძლიერი მხარეა და ამის ბოლომდე გამოყენებას ვაპირებთ,” – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

მამუკა გორგოძის აზრით, იაპონია საქართველოსთან ფავოროტია, თუმცა მისივე თქმით, საქართველოში თამაშის დათმობას ნაკრები არავისთან აპირებს:

“იაპონია საკმაოდ რთული მოწინააღმდეგეა, ძალიან მაგარი გუნდია.  მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს. რთული თამაში გველის. ამბობენ ხოლმე,  რომ სამოასა და იაპონიასთან მოვიგებთ, თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენთან ისინი  მაინც ითვლებიან ფავორიტებად, თუმცა საქართველოში არავისთან ვაპირებთ თამაშის დათმობას.  საფრანგეთში კარგი 3-დღიანი შეკრება გავიარეთ, რომ ჩამოვედით, აქაც ნაყოფიერი კვირა გვქონდა. გუნდი მზად არის საბრძოლველად,” – აღნიშნა მამუკა გორგოძემ.

საქართველო-იაპონიის თამაში ხვალ, 12 ნოემბერს, 15:00 საათზე, მ.მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. თამაშამდე 2 დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია, თუმცა სტადიონთან არაერთი გადამყიდველი დგას, რომლებიც გამვლელებს 3-ლარიან ბილეთს 10 ლარად, ხოლო 10-ლარიან ბილეთს 30 ლარად სთავაზობენ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში, ჯამში, სამ ტესტ-მატჩს გამართავს. 19 ნოემბერს ამავე სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამოას ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო მესამე მატჩი 26 ნოემბერს შოტლანდიაში გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი