ახალი ამბები

“ქართული ოცნება” “ეს შენ გეხებას” 18–პუნქტიან დეკლარაციას შეუერთდება

20 აგვისტო, 2012 •
“ქართული ოცნება” “ეს შენ გეხებას” 18–პუნქტიან დეკლარაციას შეუერთდება
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიცია “ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
 
“ეს შენ გეხებამ” სრულიად სამართლიანად ჩათვალა, რომ მის 17 –პუნქტიან გეგმაზე შეიძლება დამატება და არა პირიქით, რაღაცისთვის ამ 17 პუნქტის დამატება და თავის დეკლარაციაში შეიტანა კიდევ ერთი პუნქტი. კერძოდ, ჩვენ ვაღიარებთ კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ კოალიცია მზად არის შეუერთდეს ამ დეკლარაციას და ხელი მოაწეროს.

“თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ დაცული უნდა იყოს ის 17 პუნქტი, რომელიც წინ უძღვის ამ დასკვნით დებულებას”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.  

პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა:
• არ დავუშვათ საკუთარ მომხრეთა მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ან წახალისება. უზრუნველყონ საკუთარი აქტივისტების მხრიდან კამპანიის წარმართვა პოლიტიკური ეთიკის ფარგლებში და გაატარონ შესაბამისი ზომები ამ წესის დამრღვევთა მიმართ;
• უარი ვთქვათ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით; აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას; ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე განსაკუთრებით უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე;
• ვუზრუნველყოთ საზოგადოების და შესაბამისი სამსახურების წინასწარი ინფორმირება მათ მიერ დაგეგმილი პარტიული ღონისძიებების თაობაზე;
• არ დავუშვათ სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა და მათი დისკრედიტაცია;
• არ განვახორციელოთ ამომრჩევლის მოსყიდვა და დაიცვან ამ კუთხით საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები;
• არ დავუშვათ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მათ შორის, საბიუჯეტო რესურსების, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების და სახელმწიფო უწყებებში კონცენტრირებული ძალაუფლების გამოყენების გზით;
• ხელი შევუწყოთ მაღალი პოლიტიკური კულტურის დანერგვას – მაქსიმალური აქცენტი გააკეთონ თემატურ პოლიტიკურ დებატებზე და ამით მისცენ საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა;
• პოლიტიკურმა ძალებმა არ დაუშვან ძალადობის და აგრესიის წახალისება არჩევნების დღეს, მათ შორის მომხრეების წინასწარი მობილიზების გზით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული უწესრიგობა და დესტაბილიზაცია არჩევნების დღეს;
• ვუზრუნველყოთ საკუთარ ღონისძიებებზე ყველა მედიასაშუალებისთვის თანაბარი სამუშაო პირობები, არ დავუშვათ ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები;
• არ დავუშვათ მედიასაშუალებების ბოროტად გამოყენება კამპანიის მიზნებისთვის ან საზოგადოების დეზინფორმირებისთვის. ხელი შეუწყონ მედიასაშუალებებს შორის არსებული დაპირისპირების და დაძაბულობის განმუხტვას.

სახელმწიფო უწყებებმა:
• იმოქმედონ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით;
• უზრუნველყონ თანაბარი და სამართლიანი მიდგომა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების მიმართ;
• არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება ან დისკრიმინაციული მიდგომა;
• სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ისე განხორციელება, რომელიც დისკრიმინაციულად არ შეზღუდავს ცალკეული პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობას;
• სახელმწილფო აუდიტის სამსახურმა და საგამოძიებო ორგანოებმა მეტი აქცენტი გააკეთონ დარღვევების პრევენციაზე, ვიდრე დამრღვევთა დასჯაზე;
• სახელმწილფო აუდიტის სამსახურმა ხელი შეუწყოს პარტიებს კანონის შესრულებაში, მათ შორის წინასწარი კონსულტაციების გზით განსაკუთრებით დაფინანსების მიღების კუთხით;
• არ დაუშვან ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობები. უზრუნველყონ სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში და საჯარო ღონისძიებებზე ყველა რეგისტრირებული მედიასაშუალების წარმომადგენლებისათვის საქმიანობის თანაბარი პირობები;
• ყველა შესაძლო და კანონიერი ფორმით უზრუნველყონ საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც ასევე გულისხმობს არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში სხვადასხვა ტელეარხების შეუზღუდავად მიწოდებას.
საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ ზემოჩამოთვლილი პირობებით ჩატარებული, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი