ახალი ამბები

“რუსტურიზმი” ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისას არსებულ რისკებზე აფრთხილებს

11 ნოემბერი, 2016 • 1259
“რუსტურიზმი” ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისას არსებულ რისკებზე აფრთხილებს

საქართველოში რუსი ტურისტების გაზრდილი ნაკადიდან გამომდინარე, რუსეთის კულტურის სამინისტროს ფედერალური ტურისტული სააგენტო საქართველოში გამომგზავრების მსურველებისთვის განცხადებას ავრცელებს.

“2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების გამო საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება და იურიდიული დაცვის საშუალებები შეზღუდულია. ქვეყანაში კვლავ მოქმედებს “კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებს და პატიმრობას აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში უცხოელების შესვლის წესის დარღვევისთვის. ამ კანონის საფუძველზე 2015 წელს რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს და რამდენიმე დააჯარიმეს. მსგავსი შემთხვევები წელსაც დაფიქსირდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რუსმა ტურისტებმა საქართველოში წასვლამდე ყურადღება გაამახვილონ სამედიცინო დაზღვევის საჭიროებაზე, რადგან ამ ქვეყანაში ჯანდაცვის ღირებულება მაღალია.

“რუსტურიზმი” მოუწოდებს ტუროპერატორებს, რომლებიც აწყობენ ტურებს საქართველოში, რომ მიაწოდონ ტურისტებს ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეებისათვის ამ ქვეყანაში არსებული საფრთხეების შესახებ და ურჩევს, ტურისტული მოგზაურობის დაგეგმვის დროს გაითვალისწინონ შესაბამისი რისკები,” – ნათქვამია ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადებას გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. მისი განცხადებით, საქართველოში ჩამოსულმა რუსმა ტურისტებმა უნდა გაითვალისწინონ მოქმედი კანონმდებლობა – მათ შორის კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი