ვებ–გვერდმა momxmarebeli.ge–მ თბილისში მოქმედ ექვს პურსაცხობში პურის შემოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ ორ მათგანში – შპს “იფქლსა” და “იბერიაში” – წარმოებული პური კარტოფილის დაავადებით არის დაბინძურებული.
momxmarebeli.ge–ს ცნობით, 2012 წლის 26 მაისს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეიძინეს ახალგამომცხვარი პურები თბილისის ექვს საცხობ-მაღაზიაში: ე.წ. ქავთარაძის ქუჩის (შპს ”იბერია”) ქვის თეთრი ბატონი , ე.წ. ნუცუბიძის ქუჩის საცხობის (შპს ”ფეი ლესი”) უვიტამინო პური, შინხოფერის ვენური ბატონი, იფქლის თეთრი ბატონი, მე-4 პურის ქარხნის ძირის პური და ე.წ. ”ლოტკინის” (შპს ”პური ჩვენი არსობისა”) პური სპირალი. ამ უკანასკნელის შესყიდვა მოხდა მეწარმესთან ერთობლივად, მეწარმე გაფრთხილებული იქნა შესყიდვამდე 1/2 საათით ადრე. პურები სპეციალური მეთოდით დაილუქა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიგზავნა ექსპერტიზაზე.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხით გაირკვა, რომ კარტოფილის დაავადება აღმოჩნდა შპს “იბერიასა” და “იფქლის” მიერ წარმოებულ პურში. შესაბამისი ანალიზის პასუხიები გაიგზავნა როგორც აღნიშნულ კომპანიებში, ისე სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
არასამთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ პასუხი მიიღო შპს “იბერიასგან”, სადაც ახსნილია, თუ როგორ შეიძლებოდა დაბინძურებულიყო მათ მიერ წარმოებული პური.
“თქვენთვის ცნობილია, რომ კარტოფილის დაავადება ხორბლის დაავადებაა, რომელიც ხორბლიდან გადადის ფქვილში და შემდეგ უკვე პურში. ჩვენ გვაქვს ლაბორატორია, სადაც ყოველთვის ვახდენთ შემოტანილი ფქვილის ლაბორატორიულ კვლევას მის ხარისხზე და მერწმუნეთ, რომ უხარისხო ფქვილით პური არასდროს გამოგვიცხვია. რაც შეეხება ფქვილში არსებული კარტოფილის დაავადებას მისი ლაბორატორიული კვლევით წინასწარი გამოვლენა პრაქტიკულად შეუძლებელია. კარტოფილის დაავადება ზაფხულის დაავადებაა და იგი ძლიერი სიცხეების პერიოდში ჩნდება პურში, რასაც ასევე ხელს უწყობს ზოგიერთ სავაჭრო ქსელში ზაფხულის პერიოდში პურის შენახვის არასწორი პირობები.
მერწმუნეთ, რომ ჩვენ მიერ ყოველდღიურად ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება (დანადგარების ძმრით დამუშავება,ხაშების დაყენება პურის საცხობად და სხვა), რათა თავიდან იქნას აცილებული პურში კარტოფილის დაავადება. ვინაიდან, თუ ვინმე ზარალდება კარტოფილის დაავადებით, ყველაზე მეტ ზარალს ნახულობს პურის მცხობელი, ვინაიდან კარტოფილიანი პური, რომლის გამოცნობაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს (წებოვანი გული და არასასიამოვნო სუნი), გვიბრუნდება სავაჭრო ქსელიდან, ვკარგავთ მომხმარებელს და განვიცდით ფინანსურ ზარალს.
კარტოფილის დაავადება ძირითადად ვლინდება 36-48 საათის შემდეგ, რაც, ბუნებრივია, არ გვაძლევს იმის საშუალება, რომ სავაჭრო ქსელში არ მოხვდეს დაავადებული პური. მერწმუნეთ, რომ ყოველდღიურად გაათმაგებული ენერგიით დავიწყებთ დამატებითი ღონისძიებების გატარებას პრობლემის გადასაჭრელად”, – ნათქვამია შპს “იბერიას” მიერ momxmarebeli.ge-სთვის გაგზავნილ პასუხში. რაც შეეხება შპს “იფქლს”, მან ეჭვქვეშ დააყენა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ანალიზის პასუხები და ის ხელახალ, ერთობლივ ექსპერტიზას ითხოვს.
თავის მხრივ, momxmarebeli.ge მომხმარებლებს განუმარტავს, რომ კარტოფილის დაავადება ადამიანებისთვის გადამდები არ არის. უბრალოდ, ასეთი პურის ჭამა ადამიანის კუჭ-ნაწლავს სერიოზულად აღიზიანებს. განსაკუთრებით საზიანოა იგი დასუსტებული ან იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანებისთვის. ამიტომ უმჯობესია, დაავადებული პურის მოხმარებისგან შეძლებისდაგვარად თავი შეიკავოთ, ბავშვთა და ავადმყოფთა კვებისთვის კი ასეთი პურის გამოყენება უბრალოდ დაუშვებელია.