ბიძინა ივანიშვილმა რუსთავის დღევანდელი აქცია რუსთავსა და რუსთაველებზე საუბრით დაიწყო.
“რუსთავს, ისე, როგორც მთელ ჩვენს ქვეყანას, დიდი ისტორია აქვს, მაგრამ მე-20 საუკუნის შუა წლებიდან რუსთავმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და საქართველოს უდიდესი სამრეწველო ცენტრი გახდა.
ამ ქალაქში განსაკუთრებულად იგრძნობოდა ქართველი კაცის მუყაითი შრომა. თავის დროზე მთელი საქართველოდან რუსთავში მოიყარეს თავი ქართველმა ინჟინრებმა და უდიდესი საინჟინრო-სამეცნიერო პოტენციალი შექმნეს.
აქ, რუსთავში, ქართველებთან ერთად მრავალი ეროვნების ხალხი ცხოვრობდა, – ეს ქალაქი იყო ყველასი, ვისაც შრომა და გარჯა უყვარდა.
ერთ დროს ამ ქალაქში კულტურული ცხოვრება ჩქეფდა. რუსთავის დრამატული თეატრი საუკეთესო აკადემიურ თეატრებს ტოლს არ უდებდა და მისი სპექტაკლები დღემდე ახსოვს მაყურებელს.
ანსამბლ „რუსთავის“ საშემსრულებლო ოსტატობამ კი ქართული სიმღერითა და ცეკვით მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა.
აი, ასეთი ქალაქი და ერთ დროს ქართული ინდუსტრიის ბურჯი დღეს თითქმის უფუნქციოდაა დარჩენილი.
90-იანი წლები უმძიმესი აღმოჩნდა მთელი ქვეყნისთვის. რუსთავს ეს განსაკუთრებით შეეხო. ქალაქი, რომელშიც 90-მდე დიდი და საშუალო საწარმო მუშაობდა, მათ შორის, გიგანტური მეტალურგიული კომბინატი, აზოტის, ქიმიური ბოჭკოს და ცემენტის ქარხნები და მრავალი სხვა, დღეს თითქმის გაცამტვერებულია.
კვალიფიციური მეტალურგები, ინჟინრები და ქიმიკოსები უფუნქციოდ დარჩნენ, ხოლო ათეულ ათასობით მუშა-მოსამსახურე ბედის ანაბარაა მიტოვებული.
ამდენი წელი გავიდა და 5 ათასი მეტალურგი ახლაც ელოდება სახელფასო დავალიანების მიღებას. ამ თანხის გადახდას მათ სააკაშვილიც დაჰპირდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ესეც დაპირებად დარჩა.
მე სიტყვას ვაძლევ ჩვენს მეტალურგებს, რომ აუცილებლად აღვადგენთ სამართლიანობას და თქვენ მიიღებთ თქვენს კუთვნილ ხელფასებს!
კარგად ვიცი, რომ დღეს ეს გამრჯე ხალხი სიღარიბის ისეთ ზღვარზეა, რომ ლამის შიმშილობს. უდიდესი უმრავლესობა სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი დახმარების მოლოდინშია – ამ დახმარების მისაღებად ჩინოვნიკებისთვის იმის მტკიცება უწევთ, რომ სიღატაკეში ცხოვრობენ. ეს დამამცირებელი ყოფა უნდა დამთავრდეს!
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რუსთავის მოსახლეობის ერთი ნაწილი ითხოვს, რომ ქალაქს „სოციალური კატასტროფის“ საგანგებო ზონის სტატუსი მიენიჭოს. აი, რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ხალხი!
დღეს გაპარტახებული და ხრიოკია რუსთავი, არადა, იყო დრო, შორეულ წარსულში, როცა რუსთავს ბოსტან-ქალაქი ერქვა, რაც ბაღნარ-ქალაქს ნიშნავდა. რუსთავი ისევ გაიმართება წელში, ისევ დადგება ფეხზე!” – განაცხადა ივანიშვილმა.