ახალი ამბები

ივანიშვილი: არჩევნების გამყალბებლები დაისჯებიან

19 აგვისტო, 2012 • 1010
ივანიშვილი: არჩევნების გამყალბებლები დაისჯებიან

 

“არჩევნებია დემოკრატიის მთავარი საყრდენი, და, როგორც ამბობენ, კაცობრიობას დემოკრატიაზე უკეთესი სისტემა ქვეყნის მართვისათვის ჯერ არ მოუგონია.

 

ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა სამართლიან არჩევნებს. ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა არჩევნებში ყოველი თქვენგანის მონაწილეობას.

 

არჩევნების დღე ის დღეა, როდესაც ხელისუფლება ხალხის ხელშია, ეს გადამწყვეტი დღეა და თუ ამ დღეს არ გამოვიყენებთ, მეორე დღეს უკვე ყველაფერი დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს.

 

სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა მანკიერი, მაგრამ კარგად განვითარებული სისტემა, რომელიც ტყუილისა და სიყალბის იდეოლოგიას ემსახურება.

 

გაყალბებისა და ხელისუფლების შენარჩუნებისათვის იყენებენ ჩვენს მოქალაქეებს. ამ ადამიანებს შეიძლება არც კი ჰქონდეთ გააზრებული, რომ  ტოტალიტარულ მანქანას ამუშავებენ, მანქანას, რომელიც ჩვენ,  ჩვენს შვილებს და ჩვენს სამშობლოს მომავალს ჰპარავს!

 

ამ ხელისუფლებამ სიყალბე, ხალხო, სიყალბე დაადგინა ქვეყნის მართვის მთავარ პრინციპად.

 

ამ სიყალბესა და დანაშაულში მარტო ხელისუფლების წევრები კი არ მონაწილეობენ, არამედ სამსახურის დაკარგვის შიშით, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ჩათრეული.

 

სამსახურის დაკარგვის შიში, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ გამოდგება გამართლებად.

 

ყველა სახელმწიფოში უმძიმეს დანაშაულად ითვლება ფულის გაყალბება, როგორც სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით სახიფათო საქმიანობა. ხოლო დემოკრატიულ სახელმწიფოში არანაკლები სიმძიმის დანაშაულია დემოკრატიული არჩევნების გაყალბება.

 

დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფოსა და საზოგადოების გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭიროა ნამდვილი ფული და ნამდვილი არჩევნები.

 

ამიტომ ნურავის გაუკვირდება, თუ სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონი არჩევნების გამყალბებელს ისევე მოექცევა, როგორც ფულის გამყალბებელს.

 

განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ  ამ გაყალბების მთავარ მონაწილეებად და შემსრულებლებად ხელისუფლებამ მასწავლებლები გაიხადა.

 

ხალხო, როგორ უნდა გაბედონ ჩვენი შვილების აღზრდა იმ ადამიანებმა, რომლებმაც ბავშვებს გაუყალბეს მომავალი. საბედნიეროდ, ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა.

 

მასწავლებლებო, შეასრულეთ თქვენი მთავარი მოვალეობა და ნუღარ ჩაუდგებით  ხელისუფლებას დამამცირებელ სამსახურში, ნუ მისცემთ არჩევნების გაყალბებაში თქვენი გამოყენების საშუალებას, ნუ მისცემთ უფლებას, თქვენზე იბატონოს! 

 

მასწავლებლებო, გათავისუფლდით! დაშინებული მასწავლებელი  თავისუფალ მოქალაქეს ვერ აღზრდის!

 

მივმართავ ყველას, ვისაც თავის სამსახურში ჩათრევას უპირებს ხელისუფლება, არ მიიღოთ არჩევნების გაყალბებაში არანაირი მონაწილეობა, რადგან ეს დანაშაულია!

 

საგანგებოდ აღსანიშნავია კოორდინატორების, მამასახლისების და ნაციონალური მოძრაობის სხვა ადგილობრივი სტრუქტურებისა და მათი აქტივისტების საქმიანობა. მათი მეშვეობით ხდება წვრილმანი კრიმინალის, დაშინების, შანტაჟის ათასობით ფაქტი, რაც, რეალურად, ქვეყნის წინააღმდეგ, სამშობლოს წინააღმდეგ, ჩვენი შვილების მომავლის წინააღმდეგაა მიმართული!

 

ამიტომ, ყველა უბანზე, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში უნდა შევაჩეროთ გამყალბებლები და არ ჩავადენინოთ ეს დანაშაული.

 

ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღია სიმართლე, ჩვენ სიმართლით დავუპირისპირდებით ყველას. ჩვენ შემუშავებული გვაქვს მექანიზმები, როგორ უნდა აღვუდგეთ წინ ამ გაყალბების მანქანას.

 

ჩვენ ვიცით ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გაყალბებაში ჰყავთ ჩათრეული, ზოგი ნებით, ზოგი – იძულებით.

 

გაყალბება, ისევე როგორც ქურდობა, სისხლის სამართლის დანაშაულია, და ამ დანაშაულის ჩამდენი ყველა დაისჯება. ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც ამას დაამკვიდრებს ამ ქვეყანაში  და ამით ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ არჩევნების გაყალბების სამარცხვინო ტრადიაციას, რომელიც 20 წელია ვერა და ვერ დავძლიეთ.

 

ის, ვინც ხმების ქურდობას, ხმების გაყალბებას და ამით ჩვენი სამშობლოსთვის მომავლის წართმევას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე! პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით!

 

როგორც ვაჟა ამბობს: „თავისუფლების ქურდები, ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან“.

 

მინდა მივმართო ყველას: კანონის გეშინოდეთ და კანონის იმედი გქონდეთ! “- განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი