ახალი ამბები

უწყებათაშორისი კომისია ბახმაროში მომხდარ ინციდენტზე

19 აგვისტო, 2012 •
უწყებათაშორისი კომისია ბახმაროში მომხდარ ინციდენტზე

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის წევრის, თამარ კინწურაშვილის განმარტებით, ის დღეს, 19 აგვისტოს ბახმაროში მომხდარი ინციდენტის დეტალებს არ იცნობს, თუმცა განმარტავს, რომ პოლიციის მხრიდან რომელიმე პოლიტიკურ მხარეთა გადაადგილების შეზღუდვა შესაძლოა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს.

 

“მართალია, ეს სახალხო დღესასწაულებია და ყველას აქვს უფლება, მათ დაესწროს, თუმცა იმის გამო, რომ წინაასარჩევნო პერიოდია, შესაძლოა პოლიციამ, მხარეთა დაპირისპირების აცილების მიზნით, გარკვეული შეზღუდვები დააწესა, როგორც ეს დიდგორობის დღესასწაულზე მოხდა, როდესაც პოლიციამ იმის გამო, რომ მხარეებს შორის რაიმე კონფრონტაცია არ მომხდარიყო, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები არ შეუშვა. თუ “ქართული ოცნების” წევრები იქ პირველები მივიდოდნენ, ალბათ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს არ შეუშვებდა პოლიცია,” – განმარტავს თამარ კინწურაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ჩოხატაურში, გოჩა ჯიქია „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებდა, რომ სპეცრაზმმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და კოალიციის 100-მდე აქტივისტი ბახმაროში არ შეუშვა, სადაც დღეს ტრადიციული დოღი გაიმართა, რომელსაც პრეზიდენტი ესწრებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი