ახალი ამბები

ჩიორა თაქთაქიშვილი: ენმ-ში დამკვიდრებული მართვის სისტემა არადემოკრატიულია

10 ნოემბერი, 2016 • 1659
ჩიორა თაქთაქიშვილი: ენმ-ში დამკვიდრებული მართვის სისტემა არადემოკრატიულია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ პარტიაში დამკვიდრებული მართვის სისტემა დემოკრატიული არ არის.

” მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ იმაზე, დღეს ჩვენი მთავარი შეცდომა და პრობლემა არის თუ არა მართვის ის სტილი, რომელიც პარტიაშია დამკვიდრებული და რომელიც დემოკრატიული არ არის. მე ვთვლი, რომ ღიად უნდა ვიმსჯელოთ. არ შეიძლება პოლიტსაბჭოს ჰქონდეს მონოპოლია, ან პოლიტსაბჭოში რამდენიმე ადამიანს ჰქონდეს მონოპოლია იმაზე, რომ განაცხადოს – ერთი კონკრეტული ადამიანია დამნაშავე არჩევნების წაგებაში; ეს  არასწორია. გადაწყვეტილებები მაქსიმალურად მეტი ადამიანის მოსმენის შემდეგ უნდა მივიღოთ,” – ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ჩიორა თაქთაქიშვილი პარტიაში მიმდინარე მოვლენებს დემოკრატიულ პროცესს უწოდებს და ამბობს, რომ ამ პროცესის დაპირისპირებად გასაღება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია:

“განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ, მათ შორის პრინციპულ საკითხებზე,  მხარდამჭერები აქტიურად არიან ჩართული პარტიის სამომავლო გეგმების განსაზღვრის პროცესში. ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ინტერესებშია, რომ ეს დემოკრატიული პროცესი წარმოაჩინონ დაპირისპრიებად.  საკითხის იმგვარად დაყენება, რომ უნდა დავგმოთ მიშა, გიგა, ან გიგი – არის არასწორი. გადაწყვეტილებები მაქსიმალურად დემოკრატიულად უნდა მივიღოთ და მიღების პროცესში ამომრჩეველს არ უნდა გავემიჯნოთ და საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი მხარდამჭერების გადაწყვეტილებებს. ”

კითხვას, რა ბერკეტებს ფლობს სააკაშვილი, რომ მის მიერ დაფუძნებული პარტიას არ ჩამოაშორონ, თაქთაქიშვილი პასუხობს:

“პარტიის იურიდიული კუთვნილების საკითხი განხილვის დღის წესრიგში საერთოდ არ დგას, არც ერთ მხარდამჭერში თუ ლიდერში. საუბარია იმაზე, თუ პოლიტსაბჭოს წევრები შეცდომებს უშვებენ, აქვთ თუ არა მხარდამჭერებს შესაძლებლობა და უფლება, ღიად ისაუბრონ, გვაქვს თუ არა უფლება პარტიაში გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ დისკუსიით, არგუმენტების შედეგად და არა იმის მიხედვით, ვინ ვის მოერევა.”

გუშინ, 9 ნოემბერს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არავითარი საერთო არ ექნება იმ ადამიანებთან, მათ შორის ენმ–ის ხელმძღვანელობაში, ვინც არ უსმენს აქტივისტებს.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიგნით ორად გაიყო მოსაზრებები. ერთი ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი, მიიჩნევდა, რომ ენმ არ უნდა შესულიყო პარლამენტში და არ უნდა მიეღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურებში იმ მოტივით, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები. ხოლო მეორე ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა ენმ–ის ლიდერების ჯგუფი- მათ შორის გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე- მიიჩნევდა, რომ ენმ–ს პატივი უნდა ეცა იმ ამომრჩევლის ნებისთვის, რომელმაც მათ ხმა მისცა და უნდა გაეგრძელებინათ საპარლამენტო ტრიბუნიდან ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. საბოლოოდ, ჩატარდა ენმ–ის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უმრავლესობის გადაწყვეტილებით ენმ–მ მიიღო პარლამენტში შესვლის და მეორე ტურებში მონაწილეობის გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ციხიდან წერილი გამოაგზავნა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელშიც წერდა, რომ ის გადადგა ენმ–ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტიდან, ვინაიდან მიაჩნია, რომ ახალ სახეებს უნდა მიეცეთ პარტიაში ხელმძღვანელობის განხორციელების შესაძლებლობა და ძველმა ლიდერშიპმა ამგვარად უნდა აგოს პასუხი ამომრჩევლის წინაშე. ამ დაპირისპირებამ ენმ–ის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის გადაინაცვლა და ღია დებატები ამ საკითხებზე კვლავაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი