ახალი ამბები

ბახმაროში დოღს პრეზიდენტი დაესწრო, “ქართული ოცნების” აქტივისტები კი არ შეუშვეს

19 აგვისტო, 2012 • • 4174
ბახმაროში დოღს პრეზიდენტი დაესწრო, “ქართული ოცნების” აქტივისტები კი არ შეუშვეს

„სპეცნაზმა გადაგვიკეტა გზა. იყო მცირე შეხლა–შემოხლა. პოლიციელები ცინიკურად იქცეოდნენ, ბორიას  და ბიძინას გვეძახდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენთვის არ მოუყენებიათ. მხოლოდ “რუსთავი 2″–ის ჟურნალისტმა ჩვენს აქტივისტს ხელი დაარტყა და ეს იყო პატარა ინციდენტი,“ – ამბობს გოჩა ჯიქია.

 

მისივე თქმით, ბახმაროში „ქართული ოცნების“ აქტივისტების მცირე ნაწილი შევიდა, რომელთაც პარტიის ემბლემიანი მაისურები არ ეცვათ:   

 

„ამ აქტივისტების ნაწილი ბახმაროში დააკავეს. მეორე ნაწილი კი შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით გააჩერეს.“

 

ბახმაროში ყოველი წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული სახალხო დღესასწაულიც იმართება, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია დოღი. ამასთან დაკავშირებით დღეს ბახმაროში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. პრეზიდენტმა ბახმაროში ყოფნისას კურორტის მნიშვნელობასა და იქ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა:   

 

„ბახმაროს ცენტრი კეთდება. ბახმარო ემსგავსება ნამდვილ თანამედროვე  კურორტს. ეს კურორტი ჩვენ ვიცით მხოლოდ ზაფხულში, ზამთარში ეს არის ადგილი, სადაც არაფერი არ ხდება. ჩვენ დავაყენეთ უკვე ქარის რადარები, ვიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს და ვიწყებთ ბახმაროში სათხილამურო კურორტის კეთებას. ბახმარო არავიზე ნაკლები არ არის,  აქ უნდა იყოს დასვენება ზამთარშიც და ზაფხულშიც.“

 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში დღეს უკვე მესამედ მოხდა, როდესაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულებზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მონაწილეობის საშუალება არ ეძლევა, სამაგიეროდ აღნიშნულ დღესასწაულებში პირადად მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძროაბის” მაისურებითა და კეპებით აღჭურვილი მხარდამჭერთა ჯგუფი ხვდება.

 

“ქართული ოცნების” აქტივისტებს პრობლემები შეექმნათ აჭარაში, კურორტ ბეშუმში შუამთობის დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაში, ასევე, ქვემო ქართლში – დიდგორობის დღესასწაულზე.

ბახმარო
ბახმარო

მასალების გადაბეჭდვის წესი