ახალი ამბები

ბარამიძის თქმით, სააკაშვილის ლიდერობის გარეშე ენმ ოლიგარქს ვერ დაამარცხებს

10 ნოემბერი, 2016 • 1890
ბარამიძის თქმით, სააკაშვილის ლიდერობის გარეშე ენმ ოლიგარქს ვერ დაამარცხებს

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მორალური და პოლიტიკური ჩართულობისა და ლიდერობის გარეშე ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს ვერ დაამარცხებს.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პარტიის ერთიანობისათვის, რადგან პუტინისტი ოლიგარქის დამარცხება მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი.  მიშას, როგორც ენმ-ის ლიდერს (თუნდაც მას ამჟამად რეჟიმმა უსინდისოდ ჩამოართვა ფორმალურად პარტიაში და ქვეყანაში რაიმე თანამდებობაზე ყოფნის უფლება), ვერავინ ჩაანაცვლებს, მოსწონს ეს რომელიმე ჩვენგანს თუ არა.  მიშას მორალური და პოლიტიკური ჩართულობისა და ლიდერობის გარეშე ნაციონალური მოძრაობა კი იფუნქციონირებს და იბრძოლებს, მაგრამ ის ძალა ვერ იქნება, რომელმაც შეძლებს ოლიგარქი დაამარცხოს.”

გიორგი ბარამიძის აზრით, პარლამენტში არშესვლა შეცდომა იქნებოდა:

“პარლამენტში არშესვლა შეცდომა იქნებოდა, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, თუ პროცესები პარტიის გაყოფის მიმართულებით გაგრძელდება. პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის გამიჯვნის წინააღმდეგი ვარ. ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის.”

გუშინ, 9 ნოემბერს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არავითარი საერთო არ ექნება იმ ადამიანებთან, მათ შორის ენმ–ის ხელმძღვანელობაში, ვინც არ უსმენს აქტივისტებს.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიგნით ორად გაიყო მოსაზრებები. ერთი ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი, მიიჩნევდა, რომ ენმ არ უნდა შესულიყო პარლამენტში და არ უნდა მიეღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურებში იმ მოტივით, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები. ხოლო მეორე ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა ენმ–ის ლიდერების ჯგუფი- მათ შორის გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე- მიიჩნევდა, რომ ენმ–ს პატივი უნდა ეცა იმ ამომრჩევლის ნებისთვის, რომელმაც მათ ხმა მისცა და უნდა გაეგრძელებინათ საპარლამენტო ტრიბუნიდან ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. საბოლოოდ, ჩატარდა ენმ–ის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უმრავლესობის გადაწყვეტილებით ენმ–მ მიიღო პარლამენტში შესვლის და მეორე ტურებში მონაწილეობის გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ციხიდან წერილი გამოაგზავნა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელშიც წერდა, რომ ის გადადგა ენმ–ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტიდან, ვინაიდან მიაჩნია, რომ ახალ სახეებს უნდა მიეცეთ პარტიაში ხელმძღვანელობის განხორციელების შესაძლებლობა და ძველმა ლიდერშიპმა ამგვარად უნდა აგოს პასუხი ამომრჩევლის წინაშე. ამ დაპირისპირებამ ენმ–ის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის გადაინაცვლა და ღია დებატები ამ საკითხებზე კვლავაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი