“მაესტროს” ყოფილმა ჟურნალისტმა, მარიკა ჩხიკვაძემ, დღეს ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მას ტელეკომპანია “მაესტრო” მიკერძოებული სიუჟეტების გაკეთებას ავალებდა და მისი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი სწორედ ეს გახდა.
“17 აგვისტოს მომხდარმა საყოველთაო ამბავმა, ჯვრის აღმართვამ ბაგრატის ტაძარზე ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია, რამდენადაც მე მქონდა დავალებული, რომ ეს ფაქტი გამეშუქებინა ნეგატიურად, მეთქვა, რომ ბაგრატის ტაძარი არის ძალიან ცუდი და არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს” – განაცხადა მარიკა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას.
“მაესტროს” დირექტორმა, ბაჩო კიკაბიძემ, “ნეტგაზეთთან” საუბრისას მარიკა ჩხიკვაძის ნათქვამს ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ ჩხიკვაძემ დისციპლინის დარღვევის გამო ადმინისტრაციისგან გაფრთხილება არაერთხელ მიიღო და გამოსაცდელი პერიოდიც ჰქონდა, თუმცა სიტუაცია არ გამოსწორებულა:
“მარიკა ჩხიკვაძე არის მატყუარა და თაღლითი იმიტომ, რომ ასეთ სიცრუეს იგონებს. არავითარი ზეწოლა მის მიმართ არ ყოფილა და არც ბაგრატის ტაძრის შესახებ აიძულებდა ვინმე ნეგატიური მასალის მომზადებას. სამსახურიდან მე თვითონ გავათავისუფლე იმიტომ, რომ ხშირად არღვევდა შიდა განაწესს”, – განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.