ახალი ამბები

ხოშტარიას თქმით, სააკაშვილი უნდა შეეჩვიოს პარტიის გადაწყვეტილების პატივისცემას

10 ნოემბერი, 2016 • 1961
ხოშტარიას თქმით, სააკაშვილი უნდა შეეჩვიოს პარტიის გადაწყვეტილების პატივისცემას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება პარტიის არა ცალკეულ ლიდერებს, არამედ მთლიანად პარტიას ეხება.

ელენე ხოშტარიას აზრით, მიხეილ სააკაშვილის პრეტენზიები პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობას ეხება.

“ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული, გამჭვირვალე, ჯანსაღი წესით მიიღო მთლიანად პარტიამ. ამ საკითხებზე მსჯელობისას ჩვენ მოვისმინეთ მისი აზრიც. ბევრი განსხვავებული აზრი მოვისმინეთ და, საბოლოო ჯამში, ჩამოვყალიბდით, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ როგორც პარტია, წინ აღვუდგეთ იმ საფრთხეებს, რაც მოდის საკონსტიტუციო უმრავლესობიდან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო დემოკრატიული ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ. როცა პარტიის მიერ ერთიანად არის გადაწყვეტილება მიღებული, ვერავის ცალკე აღებულის პოზიცია გავლენას ვერ მოახდენს. მიხეილ სააკაშვილიც უნდა შეეჩვიოს იმას, რომ როდესაც პარტია იღებს გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს,”-  განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას დაკვირვების თანახმად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული განცხადება აქტივისტების წინააღმდეგ არ იყო მიმართული.

“ეს განცხადება იყო მადლობა მხარდამჭერების მიმართ, რადგან მათ ზეწოლის პირობებში მოუწიათ მუშაობა და მნიშვნელოვანი იყო ეს დაგვეფასებინა. იყო კამპანიური ხასიათის სუბარი, რომ პარლამენტში შესვლა არის ღალატი, გარიგება და ასე შემდეგ. ამ პოზიციაზე ითქვა, რომ ეს ვერ იქნება პარტიის მხარდამჭერი პოზიცია,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რაც შეეხება პარტიის ყრილობას,  ხოშტარიას განცხადებით, პარტიის სამდივნო მუშაობს ყრილობის გამართვის წესზე, ადგილსა და სხვა დეტალებზე.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყრილობის გამართვის წესები შემუშავდეს, პარტიის სამდივნო მოამზადებს ამ წესებს. ამ პროცესში ყველას გვაქვს ჩვენი აზრის გამოთქმის საშუალება და შემდეგ პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა ხოშტარიამ.

გუშინ, 9 ნოემბერს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არავითარი საერთო არ ექნება იმ ადამიანებთან, მათ შორის ენმ–ის ხელმძღვანელობაში, ვინც არ უსმენს აქტივისტებს.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიგნით ორად გაიყო მოსაზრებები. ერთი ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი, მიიჩნევდა, რომ ენმ არ უნდა შესულიყო პარლამენტში და არ უნდა მიეღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურებში იმ მოტივით, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები. ხოლო მეორე ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა ენმ–ის ლიდერების ჯგუფი- მათ შორის გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე- მიიჩნევდა, რომ ენმ–ს პატივი უნდა ეცა იმ ამომრჩევლის ნებისთვის, რომელმაც მათ ხმა მისცა და უნდა გაეგრძელებინათ საპარლამენტო ტრიბუნიდან ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. საბოლოოდ, ჩატარდა ენმ–ის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უმრავლესობის გადაწყვეტილებით ენმ–მ მიიღო პარლამენტში შესვლის და მეორე ტურებში მონაწილეობის გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ციხიდან წერილი გამოაგზავნა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელშიც წერდა, რომ ის გადადგა ენმ–ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტიდან, ვინაიდან მიაჩნია, რომ ახალ სახეებს უნდა მიეცეთ პარტიაში ხელმძღვანელობის განხორციელების შესაძლებლობა და ძველმა ლიდერშიპმა ამგვარად უნდა აგოს პასუხი ამომრჩევლის წინაშე. ამ დაპირისპირებამ ენმ–ის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის გადაინაცვლა და ღია დებატები ამ საკითხებზე კვლავაც გრძელდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი