ახალი ამბები

Femen–ის აქტივისტებმა Pussy riot–ის მხარდასაჭერად კიევში ჯვარი გადახერხეს

17 აგვისტო, 2012 •
Femen–ის აქტივისტებმა Pussy riot–ის მხარდასაჭერად კიევში ჯვარი გადახერხეს

უკრაინული ფემინისტური ორგანიზაცია Femen–ის  წევრებმა პანკჯგუფ Pussy Riot–ის მხარდასაჭერად კიევში ბენზოხერხით ხის დიდი ჯვარი პროტესტის ნიშნად ძირში გადახერხეს.

“ისეთ ბიზნე სტრუქტურას, როგორიც ეკლესიაა, არანაირი უფლება არა აქვს, ქალის უფლებები შელახოს. ქალების თავისუფლებისთვის!  Pussy Riot–ის თავისუფლებისთვის!  რადგან ჩვენ თავისუფლება არ გვაქვს, მე უნდა გავიქცე, უკაცრავად!” – ასე უპასუხა Femen–ის აქტივისტმა ჟურნალისტების კითხვას, თუ რას ნიშნავდა მათ მიერ ორგანიზებული აქცია.

პანკჯგუფ Pussy Riot–ის წევრ გოგოებს დღეს, 17 აგვისტოს, მოსკოვის სასამართლომ  საერთო რეჟიმის კოლონიაში 2–წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ჯგუფის წევრები სასამართლომ ხულიგნობის მუხლით გაასამართლა.  Pussy Riot–ის წევრები მიმდიანრე წლის გაზაფხულზე მოსკოვის საკათედრო ტაძარში შევიდნენ და შეასრულეს სიმღერა “ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი”. მას შემდეგ, რაც მომღერლებს პატიმრობა მიუსაჯეს, ბი-ბი-სის რუსეთის ბიუროს კორესპონდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შენობასთან ათასამდე მოქალაქე შეიკრიბა, რომლებიც სკანდირებენ –”თავისუფლება Pussy Riot-ს.”  ჟურნალისტის ცნობით, პოლიცია სათითაოდ ყველა აქტივისტს აკავებს.

Femen–ის  გარდა Pussy Riot–ის წევრებს მხარდაჭერა მსოფლიში სახელგანთქმულმა მომღერლებმაც გამოუცხადეს, რომელთა შორისაა მადონაც. მან მოსკოვში გამართულ კონცერტზე Pussy Riot–ის მხარდასაჭერ სიტყვას რამდენიმე წუთი დაუთმო და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი