ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: ‘ჩვენ შევდივართ ოქროს ხანაში’

17 აგვისტო, 2012 •
მიხეილ სააკაშვილი: ‘ჩვენ შევდივართ ოქროს ხანაში’

 

“ძვირფასო ქუთაისელებო, ძვირფასო მეუფეებო, დღეს დიდი დღეა ჩემთვის, ეს არის ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულებაც. თქვენ იცით, რომ ეს ტაძარი დაანგრია რუსეთის არტილერიამ, სხვა ტაძრებში მათ გადაგვიღებეს, დაფარეს ჩვენი ფრესკები საღებავით, ხოლო ეს ტაძარი მათ დაანგრიეს არტილერიით. არის დრო ქვების გაბნევის, არის დრო ქვების შეგროვების, შავი ქვების შეგროვების და ჩვენ გვაქვს დრო ახლა საქართველოს აღმშენებლობის. მართლაც, ჩვენ შევდივართ ოქროს ხანაში.  ვიღაც პოლიტიკოსები რომ ამბობენ, არ უნდა აღდგეს და ყველაფერი რაც შენდება აღიზიანებთ. ხალხო, რა გაღიზიანებთ, ჟამი გამოცვლის პრეზიდენტებსაც, მთავრობებსაც, მაგრამ ეს ხომ დაგვრჩება, ეს ხომ ეკუთვნის სრულიად საქართველოს, ეს ეკუთვნის პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს, მორწმუნეს და არამორწმუნესაც კი, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად საქართველოს სიმბოლოები, ეს არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო, ბაგრატი და ჩვენ ამ სიმბოლოს აღვადგენთ, მაგრამ ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, აღვადგენთ ერთიან საქართველოს და ეს მხოლოდ ამის საწინდარია”, – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

 

ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვაში პრეზიდენტი თავად იღებდა მონაწილეობას. 300 კილოგრამი, 2 მეტრისა და 14 სმ სიგრძის ბრინჯაოს ჯვარი მიხეილ სააკაშვილმა რესტავრატორებთან ერთად აღმართა.

 

ჯვარი, რომელიც არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზის მიხედვით შეიქმნა, ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან გამოჩნდება.

 

ჯვრის აღმართვასთან დაკავშირებით ქუთაისში 17 აგვისტო ერთჯერადად უქმე დღედ გამოცხადდა.

 

ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2008 წელს დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ეს სამუშაოები იუნესკოს უარყოფითი დასკვნების გამო შეჩერდა. სამუშაოების შემდეგი ეტაპი გასული წლის ივნისიდან განახლდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბაგრატის ტაძარს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამორიცხვის საფრთხე დაემუქრა, თუმცა ამ საკითხის განხილვა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 26 ივნისს გამართული 36-ე სესიის გადაწყვეტილებით, 2013 წლისთვის გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი