ახალი ამბები

თურქეთი, მონტენეგრო და სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად რჩებიან

9 ნოემბერი, 2016 • 5275
თურქეთი, მონტენეგრო და სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად რჩებიან

9 ნოემბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ყოველწიური გეგმა დაამტკიცა, რომელშიც განხილულია, თუ ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების იმპლემენტაციის რა ეტაპზე არიან და რა გამოწვევები რჩება აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში. ასევე კომისია გამოდის ინიციატივით, რომ წევრმა ქვეყნებმა წამოიწყონ მოლაპარაკებები ალბანეთთან.

ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ წლევანდელი შედეგებიდან ყველაზე საყურადღებო თურქეთის მაგალითია და ახლა თურქეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია:

“საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, თურქეთმა უნდა შეწყვიტოს ევროკავშირისაგან დაშორება.” – აცხადებს ჰანი.

მისი თქმით, გაფართოების პოლიტიკა წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის ნელ-ნელა შედეგებს გამოიღებს და კომისია გააგრძელებს მათ დახმარებას როგორც ფუნდამენტური უფლებეის დაცვის, დემოკრატიული ინსიტუტების შექმნის, საკანონმდებლო ცვლიებებისა და თავდაცვის გასაუმჯობესებლად რეფორმების შემუშავების პროცესში, ასევე, მათი ეკონომიკური განვითარებისათვის.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ამჟამად წევრობის კანდიდატი ქვეყნები წარმატებით ახორციელებენ რეფორმებს კორუცფიასთან და კრიმინალთან ბრძოლისათვის. თუმცა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ პრობლემურად რჩება და ამ სფეროში პროგრესი ნაკლებად იგრძნობა. თავს იჩენს დისკრიმინაციული განწყობები უმცირესობების მიმართ.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ახალგაზრდებში დასაქმების პრობლემა შემაშფოთებლად მაღალია.

ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთი არიან. მოლაპარაკებები თურქეთთან 2005 წლიდან, მონტენეგროსთან 2012-დან, სერბეთთან 2014-დან დაიწყო, ხოლო ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებთან -მაკედონიასთან, რომელიც კანდიდატი 2005 წლიდანაა, და ალბანეთთან, რომელიც 2014 წელს გახდა კანდიდატი, ჯერ არ დაწყებულა. ბოსნია და ჰერცოგოვინა, ასევე, კოსოვო პოტენციური კანდიდატები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი