საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, რაბათის ციხის შემდეგ გორის ციხე აშენდება.
გუშინ, 16 აგვისტოს ახალციხეში, რაბათის ციხის გახსნაზე, მიხეილ სააკაშვილმა რაბათის ციხეზე, როგორც საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლოზე ისაუბრა.
„ვიცით, რომ გაჭირვებაა ბევრ ქალაქში, მაგრამ ხალხმა მაინც თვალებში გამოიხედა. თუ წელიწადში აქ 100- 150 კაცი ამოდიოდა, შემდეგ წელს აქ მოვა 100 ათასი ვიზიტორი და ახალციხეში ფულს დატოვებს თოთოეული ახალციხელის ბიზნესში, კაფეში, სასტუმროში, საკვებ ობიექტებში და სოფლის მეურნეობაში. ამიტომ მე მინდა პასუხი გავცე მათ, ვინც ამბობს, რომ ეს ციხე არ უნდა აღგვედგინა, ან ბაგრატი არ უნდა აღგვედგინა. ეს ის ხალხია, ვისაც დასანგრევი ობიექტების გრძელი სია აქვს, თურმე შუშის ხიდი უნდა დაანგრიონ თბილისში. აი, დღეს შარლ ანზავური იყო, პირგაღებული გამოვიდა. ამდენი რამე აქვს ამ კაცს ნანახი და თქვა, რომ აბსულუტურად უნიკალურია ეს შუშის ხიდი.
პრეზიდენტის თქმით, დასანგრევი ობიექტების სია იმ ხალხს აქვს, ვინც არ ყოფილა, მაგალითად, ახალციხეში და არ იცის საერთოდ, რა იყო რაბათი.
„ ან ახალციხე სად იყი რუკაზე, ისიც არ იცოდნენ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ყველაფრის ძირითადი ინიციატორი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ივანე მერაბიშვილი, რომელიც დაიბადა ამ ციხის გვერდით. ის არის ნამდვილი გმირი და ახლა ძლივს გამოვიყვანე აქ. ცოცხალი თავით არ უნდოდა კამერების წინ დადგომა. ჰოდა, ახლა მინდა ვთქვა, რომ ბაბუაჩემი, მიხეილ სააკაშვილი არის გორიდან წარმოშობით და გორში მინდა ასეთივე ციხე. ამიტომ გორის ციხის მიმდებარე მიდამოები შემდეგი ობიექტია. შევესიოთ და ისეთი მაგარი რაღაცა გავაკეთოთ, რომ თითოეულ გორელს გაუჩნდეს ბევრად მეტი პერსპექტივა და სიამაყე თავისი ქალაქით. ასე რომ, აგერ შენ ხარ ვანო, და აგერ– გორის ციხე და ამაზე უფრო დიდი სასწაული უნდა გავაკეთოთ იქ,“- განაცხადა სააკაშვილმა.