ახალი ამბები

ნოდარ ხარშილაძე: ტრამპის გამარჯვება განსაკუთრებულად არ შეცვლის აშშ-ის პოლიტიკას

9 ნოემბერი, 2016 • 1831
ნოდარ ხარშილაძე: ტრამპის გამარჯვება განსაკუთრებულად არ შეცვლის აშშ-ის პოლიტიკას

ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჰილარი კლინტონი დამარცხდა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპთან. გამოცემა “სიენენის” მონაცემებით, თბილისის დროით, 16:00 საათისათვის ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 289 ხმა აქვს, კლინტონს – 218. 

როგორც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე ფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია ხმამაღალი და აგრესიული იყო, აშშ-ის საგარეო და საშინაო პოლიტიკა განსაკუთრებულად არ შეიცვლება.

“როგორც აღმოჩნდა, დონალდ ტრამპს ძალიან ტრადიციული რესპუბლიკური პროგრამა აქვს, რომლის მთავარი ხაზი გადის თავდაცვაზე, ასევე, შეამცირებს გადასახადებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნოდარ ხარშილაძემ.

დონალდ ტრამპი წინაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ხშირად ამბობდა, რომ ააშენებდა “კედელს”, რომელიც მექსიკიდან აშშ-ში შემოსვლაში შეუშლიდა ხელს მიგრანტებს. თავდაპირველად ტრამპი ამბობდა, რომ ამ კედლის აშენებას 4 მლრდ აშშ დოლარი დასჭირდებოდა, თუმცა მომდევნო გამოსვლებში ეს თანხა გაზარდა და საბოლოოდ თქვა, რომ ამ კედლის ასაშენებლად 12 მლრდ დოლარი იქნებოდა საჭირო, თუმცა, როგორც ნოდარ ხარშილაძე ამბობს, ამ კედლის ხსენებას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.

“ეგ ყველაფერი იყო წინასაარჩევნო პოპულისტური რიტორიკის ნაწილი. თუნდაც ამ კედლის აშენებას კონგრესის თანხმობა დასჭირდება, რაც ნაკლებადაა სავარაუდო. ზოგადად, ბევრად უფრო ნაკლები გაკეთდება მისი წინასაარჩევნო რიტორიკიდან, ვიდრე ამას ტრამპი ამბობდა. ასე რომ, რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ ვხედავ”, – ამბობს იგი, თუმცა დასძენს, რომ შესაძლოა, აშშ-ში მიგრანტების მიმართ პოლიტიკა გამკაცრდეს.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის როლს, — ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე აქაც არ არის მოსალოდნელი “რაიმე განსაკუთრებული” ცვლილებები: “ალბათ, უფრო აქტიური იქნება აშშ ამ რეგიონში და საქართველოც შეიძლება მისთვის უფრო [საჭირო გახდეს]”. ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში, ეს ყველაფერი უფრო ორგანიზებულად მოხდებოდა, მაგრამ ტრამპის შემთხვევაშიც უნდა ველოდოთ პოზიტიურ ცვლილებებს იმიტომ, რომ მას უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკა ექნება ამ რეგიონში, ვიდრე პრეზიდენტ ობამას”, – ფიქრობს GFSIS-ის ანალიტიკოსი. 

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპს ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის ლიდერებმა, დონალდ ტუსკმა და ჟან-კლოდ იუნკერმა გამარჯვება მიულოცეს, ტრამპი “ევროპაში აშშ-ევროკავშირის სამიტზე მიიწვიეს. ასევე, აღნიშნეს, თავს არ დავზოგავთ, რათა “ვაჭრობისა და ინვესტირების ტრანსატლანტიკური პარტნიორობა” (TTIP) განვამტკიცოთო (TTIP – არის სავაჭრო ხელშეკრულება აშშ-სა და ევროკავშირს შორის,  რომელსაც დღეს ხშირად აკრიტიკებენ, რადგან, როგორც საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმა “ოუფენ დემოქრასი” წერს, დიდი ზომის კორპორაციებს საშუალებას აძლევს, დააჯარიმონ ნაციონალური ხელისუფლებები, თუკი ისინი ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებებით ხელს უშლიან თავისუფალი ბაზრის პრინციპებს).

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ცვლილებები აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებში, ნოდარ ხარშილაძე გვპასუხობს, რომ ამაზე საუბარი ჯერჯერობით რთულია, რადგან საკითხი არაპროგნოზირებადია. “ერთია, რა ილაპარაკა ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში და მეორეა, თუ რისი გაკეთება შეუძლია”. ნოდარ ხარშილაძე ასევე მიიჩნევს, რომ საყურადღებოა ის ცვლილება, რაც ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკასა და გამარჯვების შემდგომ განცხადებაში უკვე გამოიკვეთა — თუკი აქამდე თითქმის ყველა გამოსვლაში გამოირჩეოდა ანტისაიმიგრაციო განწყობებით, ისლამოფობიით, ჰომოფობიითა და ა.შ — დღეს იგი უკვე აცხადებს, რომ ის “ყველა ამერიკელის პრეზიდენტი” იქნება.  

ნოდარ ხარშილაძე © Centre for European and North Atlantic Affairs

ნოდარ ხარშილაძე © Centre for European and North Atlantic Affairs

მასალების გადაბეჭდვის წესი