ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს და ევროპაში აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე სასაუბროდ ევროპაში მიიწვიეს.
“ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ღირებულებებს ეფუძნება. წლებია, ევროკავშირი და აშშ ერთად მუშაობენ, რათა ჩვენი მოქალაქეების მშვიდობა და კეთილდღეობა დავიცვათ მსოფლიოს გარშემო… დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები. მხოლოდ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახლო ურთიერთობებით არის შესაძლებელი ისეთი უპრეცედენტო გამოწვევების დაძლევა, როგორიცაა “დაეში” (ტერორისტული გაერთიანება, ე.წ “ისლამური სახელმწიფო”), უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული საფრთხე, კლიმატური ცვლილებები და მიგრაცია”, – ამბობენ დონალდ ტუსკი და ჟან-კლოდ იუნკერი.
“ევროპელებს სჯერათ, რომ აშშ, რომლის დემოკრატიული იდეები ყოველთვის იყო იმედის შუქურა მსოფლიოს მასშტაბით, განაგრძობს ინვესტირებას მეგობრებთან და მოკავშირეებთან და დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს და მსოფლიოს ხალხს, უფრო მეტად დაცულები იყვნენ”, – წერენ ტუსკი და იუნკერი ერთობლივ წერილში, რომელიც ტრამპის გამარჯვებიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნეს.
ევროპელმა ლიდერებმა დოლანდ ტრამპი ევროპაში სასაუბროდ მიიწვიეს, როგორც კი მას ამის შესაძლებლობა ექნება: “გვსურს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და მოგიწვიოთ ევროპაში ევროკავშირისა და აშშ-ის სამიტზე. ეს საუბარი საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ ჩვენი ურთიერთობების კურსი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში”, – წერენ ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ლიდერები.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პოსტი 8 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად დონალდ ტრამპმა დაიკავა. მან არჩევნებში დაამარცხა დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი.









