საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა და დააფიქსირა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საარჩევნო პროცესში “ასეთი ჩარევა” მიუღებელი იყო. მარგველაშვილმა ეს კომენტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების ფარგლებში გააკეთა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საარჩევნო ტემპერატურის აწევას როგორც ქართული ოცნება, ასევე ენმ, კონკრეტულად კი მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა.

“ქართული ოცნების მხრიდან იყო ტემპერატურის აწევის კამაპნია და იგივეს აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა. როცა ორი დიდი პოლიტიკური ბანაკი არსებობს, ორივეს მიერ ტემპერატურის აწევა ამომრჩველის მობილიზებაზეა მიმართული. ენმ-ც იგივე რიტორიკაში იყო ჩართული. ჩვენ გვახსოვს პრეიდენტ სააკაშვილის განცხადებები ისეთ დონემდე ასული, რომ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მიყვარს ამ საკითხებში ჩარევა, ჩვენ მოგვიხდა უკრაინის საელჩოდან წარმომადგენლის დაბარება არჩევენბამდე სულ რაღაც 2-3 დღით ადრე და ძალიან ნათლად დაფიქსირება, რომ ასეთი ჩარევა საარჩევნო პროცესში აბსოლუტურად მიუღებელია”, – განაცხადა მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის “არჩევანში” სტუმრობისას.

“კონკრეტულად საუბარი იყო იმის შესახებ, რომ სააკაშვილი აპირებს ჩამოსვლას. მისი ჩამოსვლა ნიშნავდა იმას, რომ მშვიდობიანი საარჩევნო რეჟიმიდან ვითარება ექსტრემალურ პირობებში უნდა გადასულიყო. არჩევნები ნებისმიერი საზოგადოებისათვის ისედაც დაძაბული ფონია და როდესაც პრეზიდენტი, რომელიც არის ძებნილი, ჩამოდის არა იმისთვის, რომ დაიკითხოს პროკურატურის მიერ, ბუნებრივია, რომ ეს ავტომატურად კონფლიქტია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას აპირებდა სააკაშვილი, არამედ ის, თუ რა გავლენა მოახდინა ამან ამომრჩეველზე. მარგველაშვილის თქმით, მან იცის, რომ ასეთი თემა საარჩევნო ველს ძაბავს.

“მე მომიხდა იმის გაკეთება, რაც არასდროს მინდოდა: უკრაინულ მხარესთან ამ პოზიციის ღიად დაფიქსირება. არასდორს მდომებია არც სააკაშვილზე კომენტარის გაკეთება და არც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მინდოდა ამ საკითხის წამოწევა, მომიხდა ამის გაკეთება. ველი რომ დაიძაბა, ეს მომგებიანი იყო ორივე სუბიექტისთვის (ენმ და ქართული ოცნება). ამ ფონზე ოპოზიციამ, რომელიც ბევრად უფრო ტანმორჩილი პარტიების სახით იყო წარმოდგენილი, ვერ გაიაზრა, რომ ეს ორი დიდი სტრუქტურა ველის პრივატიზაციას მოახდენდნენ. ოპოზიცია არ გაერთიანდა, არ ჩამოყალიბდა მესამე ალტერნატივა და ამის შედეგად მოხდა ის, რაც მოხდა: ამომრჩევლის ნაწილი გაუცხოვდა საარჩევნო პროცესთან, რადგან გაუცხოებული იყო ამ ორ დიდ პოლიტიკურ ძალასთან, ხოლო გარკვეული ამომრჩევლის ხმები დაიკარგა, მათ შორის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ხმაც დაიკარგა იმიტომ, რომ მე სწორედ მრავალპარტიულ პარლამენტს მივეცი ხმა”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *