ახალი ამბებიხელოვნება

კულტურის სამინისტრო ვენეციის ბიენალეზე პროექტის წარსადგენად კონკურსს გამოაცხადებს

8 ნოემბერი, 2016 • 1633
კულტურის სამინისტრო ვენეციის ბიენალეზე პროექტის წარსადგენად კონკურსს გამოაცხადებს

7 ნოემბრიდან კულტურის სამინისტრო გამოახადებს კონკურსს ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის შესარჩევად.

კონკურსზე განაცხადების მიღება 2016 წლის 15 დეკემბრის 17:00 საათამდე იწარმოებს. საკონკურსო კომისია გამარჯვებულ და სარეზერვო პროექტებს მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის ვადაში გამოავლენს. განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mc@culture.gov.ge

კულტურის სამინისტროს ცნობით, გამარჯვებული პროექტისთვის განკუთვნილი თანხა შეადგენს 160 000 ლარს. კომისია ასევე გამოავლენს ორ სარეზერვო პროექტსაც.

სამინისტროს ცნობით, საკონკურსო კომისია შედგება 5 ქართველი და უცხოელი სპეციალისტისგან, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ ვენეციის ბიენალესთან ან სხვა მსგავს საერთაშორისო ღონისძიებასთან მუშაობის გამოცდილება

ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა – ვენეციის ბიენალე 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა  „VIVA ARTE VIVA”; კურატორი – ქრისტინ მეისელი.

„VIVA ARTE VIVA”  კონცეფცია აერთიანებს ყველა თაობისა და წარმოშობის ხელოვანს. გამოფენა მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს  ექსტრავერტირებული მიმართულებების, ცნობადი ადგილების და ყველაზე უცნობი განზომილებების გამოცდილება, რაც ნეო-ჰუმანიზმისაკენ მიმავალ გზებს გვიჩვენებს.

Viva Arte Viva ორიენტირებულია ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენაზე, რაც პოზიტიური და პერსპექტიული ენერგიის დანერგვას გულისხმობს. ამავე დროს, მიზნად ისახავს  ხელახლა აღმოაჩინოს ისინი, ვინც ნაადრევად გარდაიცვალა, ან ისინი, ვინც, მათი ნამუშევრების მნიშვნელობისდა მიუხედავად, საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროპას, მის აღმოსავლეთ საზღვრებსა და რუსეთს.

საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის განკუთვნილია 115 კვ.მ. ფართობის სივრცე Artiglierie-ს შენობაში, არსენალეს ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი