ქეთო გადელია, რომელიც შვილის სიკვდილის ობიექტურად გამოძიების თხოვნით მიხეილ სააკაშვილთან ცდილობდა შეხვედრას, დღეს, გამთენიისას პატრულის თანამშრომლებმა იძულებით გაიყვანეს პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ის რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
ქეთო გადელიას შვილი, 24 წლის ბადრი ტაბიძე მიმდინარე წლის მარტში ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მას სამი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ. ტაბიძე საავადმყოფოში 1 იანვარს, ღამით მიიყვანეს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, რომელიც, ექიმების თქმით, შესაძლოა გამოეწვია როგორც ავტოავარიას, ისე – ცემას.
ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ბადრი ტაბიძე პოლიციის მიერ იქნა ნაცემი და სწორედ ამის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო აღმოჩნდა საავადმყოფოში. მათივე ვარაუდით, პოლიციას უკავშირდება ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელების პირას მყოფი პაციენტი მოულოდნელად გარდაიცვალა საავადმყოფოში.
ქეთო გადელია უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს შვილის სიკვდილის გამომწვევი მიზეზის ობიექტურად გამოძიებას. ამ თხოვნით იმყოფებოდა ის ხუთი დღის განმავლობაში პრეზიდენტის რეზიდენციასთან. ქეთო გადელია ზუგდიდიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად.
აქცია – “სოლიდარობა ქეთო გადელიას” სოციალურ ქსელში დაიგეგმა. პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილებმა ტრანსპარანტები გაშალეს და ქეთო გადელიას შვილის საქმის ობიექტურად გამოძიება მოითხოვეს.