ახალი ამბები

“ახალმა მემარჯვენეებმა” ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვეს

8 ნოემბერი, 2016 • 1326
“ახალმა მემარჯვენეებმა” ბლოკი “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვეს

“ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ პარტია ბლოკს “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ტოვებს.

დღეს, 8 ნოემბერს, “კვირას” პრესკულუბში მან განაცხადა, რომ ბლოკმა მათი მოლოდინი ვერ გაამართლა.

„ბლოკი შეიქმნა დაგვიანებით და უნდა აღინიშნოს, რომ ის მოლოდინი, რაც გვქონდა, ვერ გამართლდა. საერთოდ, ბლოკი იქმნება საარჩევნოდ. ჩატარდა არჩევნები, ჩატარდა მეორე ტურიც, მე არჩევნების შემდეგ პირველ ბრიფინგს ვატარებ დღეს. ჩვენ ბლოკში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ვხედავ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბლოკში შემავალ პარტიებთან ურთიერთობას ვწყვეტთ. „ახალი მემარჯვენეებისთვის“ პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება ძველსა და ახალ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მოვლენების მოკლე ქრონოლოგია

  • “ახალმა მემარჯვენეებმა” სამ სხვა პარტიასთან ერთად (პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის”, პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”,  გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო”) 2016 წლის 18 აგვისტოს გაერთიანდნენ.
  • 8 ოქტომბრის არჩენების პირველ ტურში ბლოკმა ხმების 3.45% მოიპოვა და 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
  • 2016 წლის 5 აგვისტოს “გირჩი”, “ახალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის  გაერთიანდნენ და საარჩევნო ბლოკი “ახალი არჩევანი” შექმნეს;
  • ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 2016 წლის მაისში დატოვა პარტია ენმ და  5 ივნისს პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” დააარსა;
  • 2015 წლის მაისში ნაციონალური მოძრაობა დატოვეს დეპუტატებმა, ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ და 2016 წლის აპრილში პოლიტიკური გაერთიანება  “გირჩი” დააარსეს;
  • ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის 28 მაისს დააფუძნა პარტია “სახემლმწიფო ხალხისთვის”.
  • ბლოკში გაერთიანებული ყველაზე ძველი პარტია არის “ახალი მემარჯვენეები” — მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია, რომელიც 2000 წელს ფრაქციის სახით შეიქმნა საქართველოს პარლამენტში. 2001 წელს “ახალი ფრაქციის”, “ახალი მოძრაობისა” და “ახალი კონსერვატორების” ბაზაზე შეიქმნა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები”, რომლის თავმჯდომარედაც ლევან გაჩეჩილაძე აირჩიეს, თანათავმჯდომარედ — დავით გამყრელიძე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ახალმა მემარჯვენეებმა” ხმათა 1%-იც ვერ დააგროვა, რის გამოც პარტია დატოვა ლიდერმა – დავით გამყრელიძემ. 2013 წლის იანვრიდან პარტიის თავმჯდომარე იყო ფიქრია ჩიხრაძე – ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი. 2015 წლის ოქტომბერში კი “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი