ახალი ამბები

თანამდებობის პირების მიერ ცოლებისა და შვილების საჯარო უწყებებში დასაქმების ფაქტები

8 ნოემბერი, 2016 • 2381
თანამდებობის პირების მიერ ცოლებისა და შვილების საჯარო უწყებებში დასაქმების ფაქტები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 70-მდე შემთხვევა გამოავლინა, როდესაც თანამდებობებზე დანიშვნის შემდეგ მათი ოჯახის წევრები დასაქმდნენ საჯარო სამსახურებში. ეს შემთხვევები ორგანიზაციამ ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის შედეგად აღმოაჩინა.

თანამდებობის პირების ცოლების დასაქმება მათსავე დაქვემდებარებულ უწყებებში

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, ლევან ხარატიშვილი 2013 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეა, ხოლო მისი ცოლი, ირინე ბაღდადიშვილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტია.

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი შარაბიძე 2014 წლიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი ცოლი ანა შეყრილაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტატგარეშე მოსამსახურეა.

2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსის, ამირან დათეშიძის ცოლი თამარ პაპავა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შტატგარეშე თანამშრომელი გახდა, როდესაც ამირან დათეშიძე  სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი და პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მ/შ იყო.

2016 წლის დეკლარაციით, იმერეთის გუბერნატორის, გიორგი ჭიღვარიას ცოლი თამთა ფოფხაძე ააიპ – ქ. ქუთაისის ბაგა – ბაღების  გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე მუშაობს. მანამდე მას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში ეკავა მთავარი სპეციალისტის თანამდებობა.

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, კახეთის გუბერნატორის, ზურაბ არსენიშვილის ცოლი ლელა ბერიაშვილი ააიპ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის – გოჩა დგებუაძის ცოლი ლალი ნადარია ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მედ. სტატისტიკოსია.

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, გურჯაანის გამგებლის  მოადგილის დიმიტრი კალატოზიშვილის ცოლი ნანა რამაზაშვილი გურჯაანის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსად დანიშნა.

2015 წლის დეკლარაციით, ოზურგეთის გამგებლის მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძის ცოლი ნათელა ზედგინიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ინიშნება.

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ ხუციშვილის ცოლი მაკა გიგოლაშვილი დედოფლისწყაროს გამგეობაში იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტის პოსტზე მუშაობს.

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო – ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების “ თავმჯდომარის როსტომ თორღაშვილის ცოლი ოლია მოლაშვილი ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში პროგრამის ოპერატორია.

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ჩხეიძის ცოლი ლალი ავაზაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტია.

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნუგზარ პაპიაშვილის ცოლი ციური ზურაბაშვილი ამავე გამგეობაში სპეციალისტის პოზიციაზე დაინიშნა.

2015 წლის დეკლარაციით, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის პაატა ჩაგანავას ცოლი ეკატერინე თოფურია ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის და სოციალური კვლევის ცენტრის განყოფილების უფროსი ხდება.

2015 წლის დეკლარაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის ზაურ ჩართოლანის ცოლი ეკა უშხვანი ა(ა)იპ მესტიის სპორტის ცენტრის სამთო და ზამთრის სპორტის სახეობების სექტორის ხელმძღვანელია.

2015 წლის დეკლარაციით, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის სერგო ლობჯანიძის ცოლი რუსუდან რეხვიაშვილი ონის მუნიციპალიტეტის ააიპ კულტურულ საგანმანათლებლო ურთიერთობების ცენტრში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.

თანამდებობის პირების ცოლების დასაქმება მათსავე დაქვემდებარებულ უწყებებში

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, სსიპ- აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, ჯუმბერ აბულაძის შვილი ჯაბა აბულაძე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ბუღალტრის თანაშემწეა.

2016 წლის დეკლარაციის მიხედვით, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, სულიკო სურმანიძის შვილი გიორგი სურმანიძე ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსია.

2016 წელს დეკლარაციით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სტეფან ეზოიანის შვილი სატენიკ ეზოიანი იმავე გამგეობაში უფრო სპეციალისტი ხდება.

2015 წლის დეკლარაციით, თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გულიკო ზუმბაძის შვილი ნინო ნოღაშვილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შტატგარეშე მოსამსახურეა.

2016 წლის დეკლარაციით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ლიანა ჩლაჩიძის შვილი გიორგი ჩლაჩიძე  ა(ა)იპ გორის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალისტია.


“ბუნებრივია, ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას. თუმცა საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე. ამავე დროს, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად, პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”.

საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის პრობლემასთან გასამკლავებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისგან.

ორგანიზაციის ცნობით, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მომზადებული აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ განუხილავს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევა დეკლარაციების შესახებ ვრცლად იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი