“რეზიდენციასთან ვიყავით მე, ჩემი გოგო, ჩემი მამიდაშვილი და მამიდაშვილის ქმარი. ღამის 2 საათზე პატრულის 30-მდე თანაშრომელი მოვიდა და მითხრეს, უნდა დატოვო ეს ტერიტორია, უკანონოდ იმყოფები აქო. მე, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი და მაშინ ძალით ჩამსვეს მანქანაში და დილის 6 საათზე ვიყავით უკვე ზუგდიდში, სადაც დამტოვეს”, – განაცხადა ქეთო გადელიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში.
მისი თქმით, პატრულის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ ერთი კვირის მანძილზე პრეზიდენტი არ იქნებოდა რეზიდენციაში და, შესაბამისად, მის იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა:
“ყველანაირად მოგეხმარებითო, მითხრეს, მაგრამ არ მჯერა მე მაგათი. ახლა, დღეს გავიგე, რომ თითქოს რაღაც ექსპერტიზა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ მანქანა დაეჯახა ჩემს შვილს, მაგრამ ჩემთვის ჯერ გამომძიებელს არაფერი უთქვამს”, – განაცხადა ქეთო გადელიამ.
ქეთო გადელიას შვილი, 24 წლის ბადრი ტაბიძე მიმდინარე წლის მარტში ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც მას სამი თვის განმავლობაში მკურნალობდნენ. ტაბიძე საავადმყოფოში 1 იანვარს, ღამით მიიყვანეს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, რომელიც, ექიმების თქმით, შესაძლოა გამოეწვია როგორც ავტოავარიას, ისე – ცემას.
ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ბადრი ტაბიძე პოლიციის მიერ იქნა ნაცემი და სწორედ ამის შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო აღმოჩნდა საავადმყოფოში. მათივე ვარაუდით, პოლიციას უკავშირდება ის ფაქტი, რომ გამოჯანმრთელების პირას მყოფი პაციენტი მოულოდნელად გარდაიცვალა საავადმყოფოში.
ქეთო გადელია უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს შვილის სიკვდილის გამომწვევი მიზეზის ობიექტურად გამოძიებას. ამ თხოვნით იმყოფებოდა ის ხუთი დღის განმავლობაში პრეზიდენტის რეზიდენციასთან. ქეთო გადელია ზუგდიდიდან თბილისში ფეხით ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად.
„სოლიდარობა ქეთო გადელიას“- ამ სახელწოდებით “ფეისბუქში” შეიქმნა ჯგუფი, რომლის წევრები დღეს, 19:00 საათზე ქეთო გადელიასთვის სოლიდარობის გამოცხადებას და მისი შვილის საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ.