გასული წლის ბოლოს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ლიახვისა და ახალგორის საარჩევნო ოლქები გაუქმდა. ბადრი ბასიშვილი და დევი ოვაშვილი ამ რაიონებიდან არჩეული უკანასკნელი მაჟორიტარი დეპუტატები არიან მანამ, სანამ ლიახვისა და ახალგორის დეოკუპაცია არ გახდება შესაძლებელი. ამ რაიონებიდან დევნილები კი, ისე როგორც ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილები, თავიანთი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მაჟორიტარებს ამის მიხედვით აირჩევენ.
ახალგორიდან დევნილმა მზია ტეტუნაშილმა, რომელიც ახლა წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, არ იცის, ვინ არის ახალგორის მაჟორიტარი დეპუტატი:
“მგონი, ცეზარ ჩოჩელი, ხომ?!” – ამბობს მზია ტეტუნაშვილი.
შეკითხვის დაკონკრეტების შემდეგ, რომ ცეზარ ჩოჩელი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორია, ახალგორის მაჟორიტარი კი – დევი ოვაშვილი, ტეტუნაშვილი ამბობს, რომ მის შესახებ არაფერი სმენია.
“ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი – დევი საერთოდ არ გამოჩენილა, თვალად არ გვინახავს. კიდევ ჩოჩელთან თუ მიხვალ, დაგასაქმებს მაინც, შეიძლება რამით დაგეხმაროს”, – ამბობს ახალგორიდან დევნილი ციალა ქენქაძე, რომელიც, ასევე, წეროვანში ცხოვრობს.
მწირი ინფორმაცია აქვთ საკუთარ მაჟორიტარზე წეროვანში მცხოვრებ, ლიახვიდან დევნილებსაც:
“ბასიშვილი გამიგია, მაგრამ რა?! რას მიკეთებს?! ეგ ბასიშვილი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, დევნილიც კი არაა, დევნილია ის, ვინც ასე, ჩვენსავით წვალობს და შრომობს”, – ამბობს ლიახვიდან დევნილი როზა ტატაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
წეროვანში, გამგეობის შენობაში გამოყოფილია ოთახები ორივე მაჟორიტარის ბიუროსთვის, სადაც დეპუტატები ამომრჩევლებთან პირისპირ შეხვედრებს თვეში ერთხელ მაინც უნდა მართავდნენ, სხვა დღეებში კი ამომრჩევლებთან კონტაქტის დეპუტატმა ბიუროს თანამშრომლების საშუალებით უნდა განახორციელონ, თუმცა გამგეობაში აცხადებენ, რომ დეპუტატების წეროვანში იშვიათად, ან განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩადიან ამომრჩევლებთან შესახვედრად.
“ბადრი ბასიშვილს მოსახლეობასთან შეხვედრის დღეები არ აქვს, იშვიათად ჩამოდის ხოლმე. მისი ნახვა შესაძლებელია თბილისში,” – განმარტავს სერგო ბეგაშვილი, წეროვანში მდებარე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი.
ბადრი ბასიშვილი, როგორც ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, საქართველოს პარლამენტში 2008 წლის მაისის არჩევნების შემდეგ შევიდა. ამ დროიდან გასული წლის ჩათვლით, საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის (რაც გულისხმობს ამომრჩევლებთან შეხვედრას, კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობას და ა.შ.) მას ანაზღაურების სახით, ჯამში, მიღებული აქვს 182 200 ლარი.
პარლამენტის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ დეპუტატ ბასიშვილის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის აქტივობის ნაწილია “შაპიტოს” საცირკო წარმოდგენები ბაზალეთსა და გორში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის, ასევე, მათი დასვენება აკვაპარკში და სხვა მსგავსი ღონისძიებები.
ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბადრი ბასიშვილს ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაწვრთნილი ე.წ. “ზონდერ-ჯგუფი” ჰყავს, რომელიც მათ მიერ ორგანიზებული აქციების დარბევაში მონაწილეობს. მაგალითად, კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძისა და მისი მხარდამჭერების ვიზიტი ერთი თვის წინ ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა კარალეთის დევნილთა დასახლებაში. ამ ინციდენტის ორგანიზებაში კოალიციის წარმომადგენლებმა სწორედ ბასიშვილის “ზონდერ-ჯგუფი” დაადანაშაულეს.
თავად ბადრი ბასიშვილი ამ ტიპის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მის შესახებ პოლიტიკურმა ოპონენტებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს.
ბასიშვილის თქმით, ამ ოთხი წლის განმავლობაში, როცა ის პარლამენტში საქმიანობდა, საკუთარი ამომრჩევლებისადმი გვერდში დგომა იმით გამოხატა, რომ დევნილებს თავიანთი ჭერი აქვთ:
“დევნილებზე ზრუნვა უნდა განეხორციელებინა ან მცხეთა-მთიანეთის ან გორის თვითმმართველობას. თუკი დევნილთა ჩასახლებას რაიმე ტიპის ხარჯი ექნებოდა, მას თანხისთვის სწორედ ამ თვითმმართველობებისთვის უნდა მიემართა, რაც პრობლემას ქმნიდა. იმ კანონით, რომლის ინიციატორი მე ვიყავი, ახლა ეს მუნიციპალიტეტები გარკვეული რაოდენობის თანხას თვითონ განკარგავენ. ამ თანხებით ჩასახლებაში სხვადასხვა პრობლემა გვარდება,” – აცხადებს ბადრი ბასიშვილი.
წეროვანში დაკეტილი დაგვხვდა ახალგორის მაჟორიტარი დეპუტატის, დევი ოვაშვილის ბიურო. წეროვანში მცხოვრები ახალგორიდან დევნილები ჩივიან, რომ არაერთხელ უცდიათ მაჟორიტარისადმი მიმართვა, მაგრამ მის ბიუროში არავინ დახვედრიათ. ბასიშვილის თანაშემწემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ დეპუტატის ტელეფონის ნომერი იცის და საჭიროების შემთხვევაში, სწორედ ტელეფონით უკავშირდებიან საკუთარ მაჟორიტარს.
პარლამენტის საიტზე, ახალგორის მაჟორიტარი დეპუტატის გვერდზე, ოვაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტებისა და ამომრჩეველთან მისი ურთიერთობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიძებნება. ოვაშვილი პარლამენტში 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგედ შევიდა და ამ დროიდან გასული წლის ბოლომდე, მისთვის, როგორც პარლამენტის წევრისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გადახდილმა ანაზღაურებამ, ჯამში, შეადგინა 177 518 ლარი.
ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დევი ოვაშვილის საკუთრებაშია ორი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ორი მიწის ნაკვეთი – ასევე, თბილისში; მიწის ნაკვეთები – დაბა ურეკსა და მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში. ამას გარდა, ოვაშვილი ფლობს 70 ცალ ფერწერულ ტილოს, 2010 წელს გამოშვებულ ავტომანქანას – “ლექსუსი GX-460”. ახალგორის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე, გახლავთ აქციების მფლობელი შემდეგ კომპანიებში: სს “კედარი”, სს “სკა კაპიტალი”, სს “ბსკ”, სს “გლდ”, ხოლო მისი მეუღლე – არის სს “ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის” აქციების მესაკუთრე.
“ჩვენი პატრონი არავინაა ამ ქვეყანაზე, ვის აინტერესებს საწყალი ხალხი?!” – ამბობს წეროვანში მცხოვრები ახალგორიდან დევნილი ფუკო ლანგურაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
წეროვანში მცხოვრები დევნილები 1 ოქტომბერს უკვე მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. დევნილები, მათი მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობიდან გამომდინარე, ასკვნიან, რომ მნიშვნელობა არა აქვს – ეყოლებათ თუ არა საკუთარი წარმომადგენელი, ანუ მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.
ოპოზიციური პარტიები, ძირითადად კი, ის პარტიები, რომლებიც ოპოზიციურ “რვიანში” მონაწილეობდნენ, ხშირად სვამდნენ მაჟორიტარული ოლქების გაუქმების ან შემცირების საკითხს, თუმცა ხელისუფლება ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმებოდა:
“ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი, რატომ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტში, რატომ უნდა წაართვა მაჟორიტარული საარჩევნო ხმის უფლება ამა თუ იმ ამომრჩეველს რეგიონში?!” – აცხადებდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი.
საბოლოოდ, საქართველოში 75 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლო ორი გაუქმდა, ისიც იმ მოტივით, რომ აღნიშნულ ოლქებში შეუძლებელია არჩევნების ჩატარება ოკუპაციის გამო.
ცოტა უფრო ადრე, 2004 წელს ანალოგიურად გაუქმდა ადგილები აფხაზეთის წარმომადგენელი დეპუტაციისთვის პარლამენტში.
როგორც აფახაზეთიდან დევნილები ამბობენ, აფხაზეთის დეპუტაციის გაუქმებით მათთვის არსებითად არაფერი შეცვლილა:
“არც აფხაზეთის დეპუტატი და არც ახალი არაფერს არ გვიკეთებს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს აფხაზეთიდან იქნება დეპუტატი, თუ თბილისიდან. მთავარია, თანადგომა შეეძლოს და მხოლოდ არჩევნების წინ არ გავახსენდეთ,” – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ლილი დგებუაძე, რომელიც ნაძალადევის რაიონში დევნილთა საერთო საცხოვრებელში უკვე 18 წელია ცხოვრობს.
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი. |