ახალი ამბები

რა სარგებელს მოიტანს ყველაზე მასშტაბური დასაქმების პროგრამა

11 აგვისტო, 2012 •
რა სარგებელს მოიტანს ყველაზე მასშტაბური დასაქმების პროგრამა

„45 წლის ვარ და უკვე ბებერი ხარ, ვეღარ მიგიღებთ სამსახურშიო. ჩვენი პრეზიდენტი რამდენი წლისაა, 46-ში ხო შევიდა?  ეგეც და მთელი ჩვენი მთავრობაც ჩემხლა გახდა, მაგრამ მაგათთვის სამსახური პრობლემა არ არის რატომღაც,“- ამბობს ნატალია კვარაცხელია, რომელიც თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე,  ხილს და ბოსტნეულს ყიდის. ამბობს, რომ პროფესიით ეკონომისტმა, რომელიც 10 წლის წინ უმუშევარი დარჩა, სხვა სამსახური ვერ იშოვა და აღარც ეძებს.

„კი, გავიგე, რომ ხალხი უნდა დაასაქმონო,  ღმერთმა ქნას. მაინცმდაინც არ მაქვს იმედი, რომ ჩემი წლოვანების ადამიანს დაასაქმებენ. მირჩევნია, ჩემს შვილს უშოვონ რამე სამუშაო. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა და უმუშევარია, ვერსად ვერ იშოვა ჯერ შესაფერისი სამსახური,“- ამბობს ნატალია.

ნატალიას ტელევიზიით გასული სიუჟეტი, რომელიც უმუშევართა ანკეტირების დაწყების პირველ დღეს გავიდა, არ უნახავს. იმ დღეს, საქართველოს ახალმა პრემიერმა, ვანო მერაბიშვილმა ვაზისუბნის რაიონში, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობის დროს განაცხადა, რომ საქართველოში ყველაზე მეტად დასაქმების პრობლემა 45 წლის ასაკის შემდეგ აქვთ ადამიანებს და დასაქმების ახალი პროგრამით, სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფზე უნდა გამახვილდეს ყურადღება.

„შრომითი ბირჟები რომ შეიქმნა 1990-ანებში, მაშინაც მივიტანე ჩემი მონაცემები, უნდა დავესაქმებინე ვითომ… აღარ მჯერა ამათი. პროფესიით ინჟინერი ვარ, სად უნდა დამასაქმონ? საწარმო აქ არ მუშაობს და არაფერი, ყველა სასტუმროებში და ბარებში ხომ ვერ დასაქმდება?! თუ სამუშაო ადგილები ჰქონდათ, აქამდე სად იყვნენ? არჩევნებზე გაახსენდათ,“ – ამბობს 48 წლის იზა გაგლოევა.

როგორც რამდენიმე თვის წინ შექმნილ დასაქმების სამინისტროში აცხადებენ, უმუშევართა ანკეტირება არჩევნებამდე, ოქტომბრის თვემდე უნდა დასრულდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს უმუშევრობის, რომელიც ქვეყანაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევით ნომერ პირველი პრობლემაა ქვეყანაში, 273 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით პირდება გადაჭრას.

მმართველი პარტიის წინაასაარჩევნო დაპირებებით, 2012-2016 წლებში საქართველომ 4 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უნდა მოიზიდოს, რაც მათივე გათვლით 80 ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. გარდა ამისა, ამავე წლებში, წინაასარჩევნო დაპირების შესაბამისად, 7 მილიონამდე გაიზრდება ტურისტების რაოდენობა და აღნიშნულ სექტორში, დაახლოებით 140,000 სამუშაო ადგილი გაჩნდება. 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობითა და 5 ათასი კილომეტრის გზის დაგებით კი,  დაახლოებით 53 ათასი ადამიანი უნდა დასაქმდეს. აღნიშნული ინიციატივების საფუძველზე, ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში უმუშევრობის დაძლევის მოკლევადიან პერსპექტივაზე საუბრობენ.

„ნებისმიერ ქვეყანში დასაქმებისა და ფასების დონის განმსაზღვრელი საბაზრო ეკონომიკაა. ეს სფროები მხოლოდ ეგზოგენურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. თვითშემოქმედება და თამაშის წესების შეცვლა შედეგს არ მოიტანს,“- ამბობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე.

არჩვაძე იმ ფაქტორებზე საუბრობს, რომელმაც ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა მოაგვაროს.

„მსოფლიოში მაღალი კონკურენციის პირობებში, საჭიროა, სახელმწიფომ, პირველ რიგში, ფული მოქალაქეთა განათლებასა და პროფესიულ გადამზადებაში ჩადოს. მაგალითად, ისრაელში მხოლოდ მეცნიერების სფეროსთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4 %-ია გამოყოფილი. ეს ყველაზე სწორი გათვლაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. გარდა ამისა, აუცილებელია, სახელმწიფომ თავისუფალი, სამართლიანი ბიზნეს გარემო უზრუნველყოს, აამოქმედოს ანტიმონოპოლიური მექანიზმები, რომელიც კონკურენციას გაზრდის და მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდება. ეს კი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოში, სამწუხაროდ, მხოლოდ  დეკლარირებულია ჯერ და რეალურად, ევროგაერთიანებასთან შედარებით 4-ჯერ ნაკლებია მისი წილი,“- ამბობს სოსო არჩვაძე.

შოთა მურღულია, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ექსპერტი, მმართველი პარტიის ინიციატივას დასაქმების სამინისტროს შექმნასთან დაკავშირებით, დადებითად მხოლოდ ერთი ფაქტორის აფასებს.  ეს არის მონაცემთა ბაზების შექმნა იმისთვის, რომ შემდგომში, ქვეყანში არსებული უმუშევრობის შესახებ სრულყოფილი ანალიზი გაკეთდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს სრულყოფილი ანალიზი, რომელშიც იქნება მონაცემები, ასაკობრივი ჯგუფების, მათი მოთხოვნებისა და ბაზრის შესახებ. დასაქმების სამინისტრო რეალურად სხვა ფუნქციას ვერ შეასრულებს. მითუმეტეს, უკვე არსებობდა ასეთი სამსახური „დასაქმების სახელმწიფო სააგენტო“, რომელიც 1990-ან წლებში შეიქმნა და ახალმა მთავრობამ მოსვლიდან მალევე გააუქმა ის. არჩევნებისთვის კი, თავადვე შექმნა სამინისტრო. უბრალოდ, ახლა წინაასაარჩევნოდ ისევ ეს მომგებიანი გახდა ამ პრობლემატიკაზე საუბარი,  – აი, იმდენად ვზრუნავთ ამ პრობლემაზე, რომ სამინისტროც კი შევქმენითო,“- ამბობს მურღულია.

დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიზანი, რომელიც „ვარდების რევოლუციიდან“ მალევე გაუქმდა, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და სოციალური დახმარების ღონისძიებათა გატარება იყო.

სააგენტოს გაუქმების შემდეგ, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ სოციალურ პროგრამებში დასაქმების პროგრამები ყველაზე აქტუალური იყო. დასაქმების სამინისტროს შექმნამდე რამდენიმე თვით ადრე კი, თბილისის მერის, გიგი უგულავას მონაწილეობით სატელევიზიო შოუ, „დასაქმდი და დაასაქმე“ დაიწყო.  

ის, რომ ამომრჩევლისთვის დასაქმების საკითხი ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი, ბოლო დროს ქვეყანაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევითაც დასტურდება.  

NDI-ის უკანასკნელი კვლევის მიხედვით, აღნიშნული საკითხი დაახლოებით 2-ჯერ (33%) მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიულ საკითხზე, დაახლოებით 6- ჯერ (11%) მნიშვნელოვანი განათლების საკითხებზე,  ადამიანის უფლებებზე, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, სასამართლოზე და ა.შ.

იმის მიუხედავად, რომ მმართველმა პარტიამ სხვადასხვა წელს დასაქმების პროგრამებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 102 მილიონი ლარი დახარჯა, NDI -ის ამავე კვლევის თანახმად, კითხვაზე, როგორ შეიცვალა ქვეყანაში 2008 წლის შემდეგ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებითი საკითხი,  გამოკითხულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი (41%) მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.  

უმუშევართა მონაცემთა ბაზისთვის მასშტაბური ანკეტირება 25 ივლისს დაიწყო და როგორც დასაქმების სამინისტროში ამბობენ, არჩევნებამდე უნდა დასრულდეს. ანკეტაში, რომელიც უმუშევარმა უნდა შეავსოს, 60 -მდე პროფესიაა ჩამოთვლილი. მათ შორისაა ავტომობილის დიაგნოსტიკოსი, გამყიდველი, ბუღალტერი, ბარმენი, ექიმი, ექთანი, ზეინკალი, ვეტერინარი, თაბაშირ მუყაოს სპეციალისტი, კოსმეტოლოგი, ოფისის მენეჯერი და უცხო ენების სპეციალისტი.

ანკეტირების პროცესს ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომელიც დასრულების შემდეგ მონაცემთა სრულ ბაზას დასაქმების სამინისტროს გადაუგზავნის.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, დასაქმების აგენტები ანკეტირების მიზნით, ქვეყნის ყველა ქალაქსა და რაიონში, უკლებლივ ყველა ოჯახში უნდა შევიდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი