ახალი ამბები

ჯო ბაიდენის თქმით, ძლიერი უმრავლესობა მთავრობას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს

5 ნოემბერი, 2016 • 1675
ჯო ბაიდენის თქმით, ძლიერი უმრავლესობა მთავრობას დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის, “ქართული ოცნების” გამარჯვება რეფორმების გაგრძელებისთვის გამოიყენოს.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვება მიულოცა.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ლიდერები თანხმდებიან, რომ “ქართული ოცნების” კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობას, განაგრძოს ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმირება, რათა საქართველოს ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებთან გაძლიერდეს.

თეთრი სახლის ინფორმაციითვე, პრემიერ კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბარში ვიცეპრეზიდენტმა ბაიდენმა შეაქო საქართველო, როგორც “დემოკრატიული ლიდერი რეგიონში”. ბაიდენი კვირიკაშვილს შორის ტელეფონით 4 ნოემბერს ესაუბრა.

როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებ-საიტზე ვკითხულობთ, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, დაგმო რუსეთის მიერ დე ფაქტო აფხაზეთთან დადებული „ხელშეკრულების“ რატიფიცირება გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

გიორგი კვირიკაშვილი და ჯო ბაიდენი. ფოტოკოლაჟი: პრემიერის ფეისბუკის გვერდი

გიორგი კვირიკაშვილი და ჯო ბაიდენი. ფოტოკოლაჟი: პრემიერის ფეისბუკის გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი