ახალი ამბები

“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” ზვარეში დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

4 ნოემბერი, 2016 • 2400
“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” ზვარეში დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მომხდარ დაპირისპირებას “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” განცხადებით ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ მედიის საშუალებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაზიანებები აქვთ როგორც ადგილობრივებს, ისე ჩინეთის მოქალაქე მუშებს.

“ჩინეთის რკინიგზა” იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. მანამდე კი კატეგორიულად მოითხოვს, რომ გათავისუფლდნენ დაკავებული ჩინეთის მოქალაქეები.


2 ნოემბრის საღამოს და 3 ნოემბრის დილას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, დამსაქმებლებმა მათ საცემად არმატურა, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები გამოიყენეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამად საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით). პოლიციამ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებზე ძალადობის გამო სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა:  33 წლის ჭ. ლ., 33 წლის ჩ.ჟ და 32 წლის ჰ.ჩ.

გამოძიებამ კი დაადგინა, რომ დაკავებულებმა 3 ნოემბერს “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს”.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. აქ დასაქმებული მუშები მძიმე სამუშაო პირობებს დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდნენ და აგვისტოში გაიფიცნენ კიდეც. მათი გაფიცვა  15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 4 სექტემბერს დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მუშა, მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, გაფიცვის შემდეგ დამსაქმებლებისგან მუშები აგრესიას გრძნობდნენ.

ზვარეს მოსახლეობა და მუშები ამჟამად  ითხოვენ, “23-ე ბიუროს ჯგუფმა” დატოვოს ობიექტი (მშენებარე რკინიგზა). მომხდარის გამო შეშფოთებას გამოხატავს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი