ახალი ამბები

ზვარეში მუშებზე ძალადობის გამო კომპანიის 5 თანამშრომელი დააკავეს – ხარაგაულის გამგებელი

3 ნოემბერი, 2016 • 1897
ზვარეში მუშებზე ძალადობის გამო კომპანიის 5 თანამშრომელი დააკავეს – ხარაგაულის გამგებელი

როგორც “ნეტგაზეთს” ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა გოგოლაძემ უთხრა, პოლიციამ 2 ნოემბრის საღამოსა და 3 ნოემბრის დილას “ჩინეთის კრინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” თანამშრომლებისა და ადგილობრივი მუშების ფიზიკური დაპირისპირების გამო დამსაქმებელი კომპანიის 5 თანამშრომელი დააკავა.

პაატა გოგოლაძე, რომელიც ხარაგაულის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა, ამჟამად შვებულებაშია, თუმცა იგი ახლა სოფელ ზვარეში იმყოფება და მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებს. მისი თქმით, დაკავებულების შესახებ ინფორმაცია მან ხარაგაულის პოლიციის უფროსთანაც გადაამოწმა.

2 ნოემბრის საღამოს და 3 ნოემბრის დილას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, დამსაქმებლებმა მათ საცემად არმატურა, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები გამოიყენეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს და “დანიშნულია ექსპერტიზები”.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში კომპანია“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. აქ დასაქმებული მუშები მძიმე სამუშაო პირობებს დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდნენ და აგვისტოში გაიფიცნენ კიდეც. მათი გაფიცვა გაფიცვა 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 4 სექტემბერს დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მუშა, მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, გაფიცვის შემდეგ დამსაქმებლებისგან მუშები აგრესიას გრძნობდნენ.

ზვარეს მოსახლეობა და მუშები ამჟამად  ითხოვენ, “23-ე ბიუროს ჯგუფმა” დატოვოს ობიექტი (მშენებარე რკინიგზა). მომხდარის გამო შეშფოთებას გამოხატავს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი