ახალი ამბები

გიორგი პაპავა ლარის კურსზე: ეკონომიკა არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ პატარა შოკებს გაუძლოს

3 ნოემბერი, 2016 • 2350
გიორგი პაპავა ლარის კურსზე: ეკონომიკა არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ პატარა შოკებს გაუძლოს

პაატა ბურჭულაძის პარტიის – “სახელმწიფო ხალხისთვის” ეკონომიკური ჯგუფის ლიდერი, ეკონომისტი გიორგი პაპავა ნეტგაზეთთან  ლარის კურსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს:

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ პატარა შოკებს გაუძლოს. მოკლევადიან პერიოდში ლარის მერყეობები სწორედ ამით არის გამოწვეული. გაუფასურების ეს ბოლო ეტაპი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, თუმცა ეროვნულმა ბანკმა არ მისცა საშუალება და რამდენიმე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინტერვენცია განახორციელა. არჩევნების შემდეგ ამ პროცესში ეროვნული ბანკი მხოლოდ ერთხელ ჩაერია და ახლა გაუფასურების საშუალებას აძლევს, რაც ჩემი აზრით სწორია… ზოგადად, თუ ეროვნული ბანკი საერთოდ არ (ან მინიმალურად) ჩაერევა ხოლმე ამ პროცესში სავალუტო აუქციონების მეშვეობით ბაზარზე დოლარის გამოტანის თვალსაზრისით, უფრო სწორი იქნება.

ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა არის ის წონასწორული კურსი, რისკენაც ლარი მიდის. ინტერვენციების პირობებში ამ მექანიზმს ვკარგავთ. არ ვიცით, ბანკებს და მსხვილ სავალუტო მოთამაშეებს რა მოლოდინები აქვთ დოლარი-ლარის კურსთან მიმართებაში. როდესაც ეს მოლოდინები არ ვიცით და ინტერვენციების მეშვეობით ლარის კურსის 2.3-ზე თუ 2.4-ზე გაჩერებას ვცდილობთ, ეს დამატებით წნეხს იწვევს. თუ დღეს ლარი 2.5-ზეა და ჩვენ მის 2.3-ზე გაჩერებას შევეცდებით, ეს არაფერს გამოიწვევს. ყველას ეცოდინება, რომ ლარი ადრე თუ გვიან გაუფასურდება და პირიქით ეცდება, რომ შედარებით იაფად იყიდოს დოლარი.

რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდს, თუ ეკონომიკა განვითარებას გააგრძელებს ისე, როგორც ეს დღეს და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხდება, როდესაც საშუალოდ 3%-ით იზრდება, არანაირი საფუძველი არ გვექნება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ლარს პერიოდულად არ დაემართება ხოლმე  ის, რასაც  ვუყურებთ. მთავრობამ განსაკუთრებული ნაბიჯები უნდა გადადგას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გადასახადების შემცირება,  როგორც ბიუჯეტის შემცირება, ასევე, ბიუროკრატიული-ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ბიუჯეტში, რაზეც პერიოდულად თვითონ ლაპარაკობენ ხოლმე, მაგალითად, ესტონურ მოდელეზე როცა საუბრობდნენ. იმ ბიუჯეტში კი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წარადგინეს პარლამენტში, ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებული არ იყო. განსაკუთრებული ნაბიჯებია გადასადგემლი ეკონომიკაში იმისთვის, რომ ლარმა ბოლო წლების ცუდი სვლა შეაჩეროს. მოკლევადიან პერიოდში კი ერთადერთი იმედია, რომ ეროვნული ბანკი არ ჩაერევა პროცესში.

რატომ არ უნდა ჩაერიოს?

ჩვენ ვერ ვხედავთ რაღაც სწრაფ ნახტომებს, უფრო ნელ-ნელა უფასურდება ლარი და ჩემი აზრით, ეროვნულმა ბანკმა უნდა მისცეს მას იმის შესაძლებლობა, რომ  მიაღწიოს იმ ნიშნულს, რომელიც რეალურად წარმოადგენს ლარის ადგილს ქართულ ეკონომიკაში. მნიშვნელობა არ აქვს სხვანაირად. ეროვნულმა ბანკი რომ ჩაერიოს, რამდენიმე დღე დასატბილურდება, რადგან ვიღაც ჩათვლის, რომ რადგან ეროვნული ბანკი ჩაერია, სებ-ს ჰგონია, რომ ეს არის წონასწორული კურსი და ეს ერთგვარი სიგნალივით იქნება ეროვნული ბანკისგან, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, მდგომარეობას არ შეცვლის. თუ ეროვნული ბანკი ამ ბერკეტის გამოყენებას მნიშვნელოვნად შეამცირებს, მთავარობაც უფრო თავდაჭერილი იქნება ხარჯვის დროს, რადგან ეცოდინება, რომ თუ მეტს დახარჯავს, ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდება და პოლიტიკურ პასუხიმსგებლობასაც აიღებს.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ლარის გაუფასურდება ძირითადად იმიტომ წარმოადგენს პრობლემას, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხი დოლარში აქვს აღებული, შემოსავალი კი – ლარში. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რადგან როცა ლარის მიმართ ნდობა არ არის, დეპოზიტების და სესხების დიდი ნაწილი დოლარშია. ამის გამოსავალიც სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, რომელიც  კარდინალური ნაბიჯების გადადგმით მიიღწევა. ჩვენ ვისმენთ, რომ ეკონომიკის ზრდის წლევანდელი პროგნოზი 3.4%-ია და სინამდვლეში 3-ს არ ასცდება, შემდეგი წლისათვის არის 5% პროგნოზირებული და სინამდვილეში ალბათ 4-ს და 5-ს შორის იქნება… ასეთი ზრდით ჩვენ ვერ მივაღწევთ ისეთ ეკონომიკას, რომელიც  შოკებს გაუძლებს ხოლმე. ეს შოკები ახდენს შემდეგ ლარზე გავლენას. [დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში] ლარი ყოველთვის მტკივნეული იქნება, რადგან  მოსახლეობის სესხები დოლარზეა მიბმული.

მთავრობა აცხადებს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ლარის გაუფასურების ძირითადი ფაქტორი იყო რესპუბლიკა ბანკის გაყიდვის მსხვილი ფინანსური ტრანზაქცია, ასევე გაიჟღერა არჩევნების საკითხმაც. თქვენ თუ ეთანხმებით ამ ვერსიას? როდემდე შეიძლება მათი ეფექტი გაგრძელდეს?

რა თქმა უნდა, არჩევნებს ნეგატიური გავლენა ჰქონდა და,  რა თქმა უნდა, იმ ტრანზაქციასაც  ჰქონდა გავლენა, მაგრამ ეს გაუფასურება მთლიანად ამით ვერ აიხსნება, რადგან რა ფასადაც რესპუბლიკა იყიდეს, იმაზე მეტი ინტერვენცია აქვს განხორციებული ეროვნულ ბანკს. არჩევნებს რაც შეეხება, ყველა ნახავდით, რომ თბილისში თუ სხვაგან სწრაფი ტემპებით იგებოდა გზები, პარტიები თანხებს უხდიდნენ მხარდამჭერებს.  შესაბამისად, დაიხარჯა უფრო მეტი, ვიდრე რეკომენდირებული იყო, და ეს ეფექტი გადმოყვებოდა. მაგრამ მე არ მინდა იმის თქმა, რომ  გაუფასურება მხოლოდ ორი ფაქტორის ბრალია. მაგალითად, ბრექსიტის შემთხვევაში, ამ მოვლენას გავლენა ჰქონდა, მაგრამ  მხოლოდ ნაწილი იყო იმ გაუფასურების მიზეზების, მანამდე საგარეო ფაქტორებსაც ჰქონდა გავლენა, მაგრამ ნაწილობრივ. აქ მთავრია, რა კეთდება ქვეყნის შიგნით, რას აკეთებს მთავრობა და მე ვერ ვხედავ ბოლომდე ადეკვატურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ სიტუაცია შეიცვალოს.

ერთი მხრივ, განსაკუთრებული ინტენსივობით უნდა მოხდეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რათა ქვეყანაში დოლარის შემოდინება გაიზარდოს და, მეორე მხრივ, ბიუჯეტიც უნდა შემცირდეს ჯამურად და მასში ადმინისტრაციული ხარჯებიც უნდა შემცირდეს. თან ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი ქმედება. ჩემი აზრით, მთავრობამ დეკლარირებულად უნდა თქვას, რომ  ჩვენ ეტაპობრივად, წლების მიხედვით ვაპირებთ შემცირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი