ახალი ამბები

ადამიანის უფლებები სახელმწიფოს მონიტორინგის გარეშე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

2 ნოემბერი, 2016 • 2597
ადამიანის უფლებები სახელმწიფოს მონიტორინგის გარეშე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

2 ნოემბერს ევროსაბჭოს ექსპერტებმა, ჯანდაცვის სამინისტროს, ომბუდსმენისა და ფსიქიატრიული დაწესებულების წარმომადგენლებმა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა ინსპექტირების მექანიზმის შემუშავების შესახებ იმსჯელეს.

“ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები განიხილებიან, როგორც მკურნალობის ობიექტები და არა როგორც ადამიანები, რომლებსაც აქვთ იგივე უფლებები, როგორც ყველა დანარჩენს,”- ვკითხულობთ მექანიზმის შესახებ ევროსაბჭოს ექსპერტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში.

ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშშიც საუბარია პაციენტების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე, დამამცირებელი და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე:

“არასათანადო მოპყრობად შეიძლება შეფასდეს პაციენტთა ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უკიდურესად ცუდ პირობებში მოთავსება, რიგ შემთხვევებში, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ფაქტები, ფიზიკური შებოჭვის მეთოდების და ინექციის სხვა პაციენტთა თანდასწრებით გამოყენება, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, უგულებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია…  ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებობს პაციენტთა შორის ძალადობის და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვის პრობლემა.”

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ განაცხადა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს კონტროლს სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი ახორციელებს. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ელემენტებს შეიცავს, ეს დეპარტამენტი მაინც არ არის ფოკუსირებული კონკრეტულად ადამიანის უფლებების კუთხით მონიტორინგზე. დარახველიძის თქმით, დეპარტამენტი ძირითადად სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სანებართვო პირობების შესრულებას, ასევე სახელმწიფო პროგრამების განხორციელბას და ა.შ. უწევს კონტროლს.

როგორც სახალხო დამცველის, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ადამიანის უფლებათა დაცვის შიდა ინსპექტირების მექანიზმი. ჯანდაცვის სამინისტრო ემხრობა მექანიზმის შექმნის იდეას, თუმცა არ არის ცნობილი, თუ რომელ უწყებაში ჩამოყალიბდება და რა უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი მონიტორინგის ჯგუფი.

როგორია ვითარება საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით?

ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2013 წელს მიიღო “ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო კონცეფცია” და 2014 წელს – “ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა”, ფისიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ ირღვევა ადამიანის უფლებები.

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არსებული ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 86 497 შემთხვევა, რაც 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით 2 327 შემთხვევას შეადგენს.

საქართველოში ფსიქიატრიულ სტაციონარულ მომსახურებას 12 ფსიქიატრიული დაწესებულება ახორციელებს, სადაც, ჯამში, 1 489 საწოლია რეგისტრირებული. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ დაწესებულებების უმეტესობა სახელმწიფო მფლობელობაშია.

ანგარიშში ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი პრობლემაა ფსიქიატრიული დაწესებულებების დაფინანსება, ვინაიდან დაფინანასება ხშირად განსაზღვრავს მიწოდებული მომსახურების ხარისხს.

2 ნოემბრის შეხვედრაზე ქუტირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გოჩა ბაკურაძემ განაცხადა, რომ მონიტორინგის ჯგუფისთვის დაფინანსების მოძიებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად დაწესებულებებისთვის დაფინანასების გაზრდა. 

გოჩა ბაკურაძემ ასევე განაცხადა, რომ მის დაწესებულებაში შემოსვლისას მონიტორინგი აღმოაჩენდა დარღვევებს და ეს დაფინანსების ნაკლებობის ბრალია.

ქუტირის დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სახალხო დამცველიც საუბრობს:

“უმძიმესი პირობებია სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ქუტირი),”- წერს სახალხო დამცველი ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშში.

“დაახლოებით 10-11 წლის წინ თავს ვიწონებდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაირებადი დაწესებულება ვიყავი თანამშორმლებთან მიმართებაში. მაშინ იყო 300 ლარი ჩემთან სანიტრის ხელფასი. ის 300 ლარი დარჩა ისევ 300 ლარად იმიტომ, რომ დაფინანსება არ გაზრდილა. დღეს 300 ლარად უკვე თანამშრომელი აღარ მოდის, რადგან სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფო 300 ლარს ისედაც უხდის. ახლა თუ მოვესწარით და პენსიაც მივიდა იქამდე, პენსიონერებიც თუ გაგვექცნენ, დავრჩებით მე და ჩემი მოადგილე…. კი, ბატონო, მონიტორინგზე რომ მოხვალ, დარღვევას იმდენს ნახავ 4-ლარიან დაწესებულებაში, ძალიან ბევრს. ამიტომ, ალბათ, უმჯობესი იქნება, ვიზრუნოთ პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმ კუთხით, რომ მოხდეს მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ამასაც თანხა სჭირდება. რა თქმა უნდა, მონიტორინგიც საჭიროა…”- განაცხადა გოჩა ბაკურაძემ.

 

ადამიანის უფლებების დაცვა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ადამიანის უფლებების დაცვა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ მომზდებული დოკუმენტის თანახმად, 2015 წელს ფსიქიატრიული მომსახურებების გასაწევად სახელმწიფომ 16 170 500 ლარი დახარჯა. დინამიკა მზარდია – ამავე მონაცემების თანახმად, 2015 წლის დაფინანსება ერთი მილიონით აღემატებოდა 2014 წლის დაფინანსებას, ხოლო 2006 წელს დაფინანსება 4 950 000 ლარს შეადგენდა.

აქედან, 2015 წელს თანხის 71% (11 322 600 ლარი)  სტაციონარულ მომსახურებაზე დაიხარჯა, ხოლო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისთვის – 70 100 ლარი.

ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. სტაციონარში მოსათავსებელ პაციენტებს ყოველთვიური ვაუჩერი ეძლევათ და შეუძლიათ მიმართონ პროგრამაში ჩართული 12 დაწესებულებიდან ერთ-ერთს. შესაბამისად, სტაციონარულ დაწესებულებებს რამდენი პაციენტიც ჰყავთ, იმდენ ვაუჩერს იღებენ.

მარინა დარახველიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ყოველთვიურად, ქრონიკული პათოლოგიების მქონე პაციენტისთვის 440 ლარის იღებს დაწესებულება, სასჯელაღსრულების სისტემიდან გადმოყვანილი პაციენტისთვის – 650 ლარს, ხოლო მწვავე პაციენტებისთვის – 870 ლარს.

როგორი უნდა იყოს ინსპექტირების მექანიზმი?

კონტროლის/მონიტორინგის მექანიზმის კონცეფციის სამუშაო ვერსია ევროპის საბჭოს ადგილობრივმა კონსულტანტმა, სოფო მორგოშიამ მოამზადა.

სამუშაო დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციების თანახმად, მონიტორინგის ჯგუფს უფლება უნდა ჰქონდეს:

[checklist]

  • ჩაატაროს რეგულარული გეგმური და არაგეგმური ვიზიტები ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში.
  • უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი დაშვება ყველა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში, მოთხოვნის შესაბამისად.
  • უფლება ჰქონდეს, მოახდინოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებიდან მიღებულ საჩივრებზე რეაგირება.
  • მოამზადოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებთათვის ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით, ასევე შეაფასოს მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები.

[/checklist]

გარდა ამისა, რეკომენდაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტომ უნდა უზრუნველყოს მონიტორინგის ჯგუფის დამოუკიდებლობა და რეაგირება მოახდიმოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებაზე.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ განახორციელებს ეს ჯგუფი მონიტორინგს, ევროსაბჭოს ექსპერტი წერს, რომ, მათ უნდა გამოიყენინ შეგრძნების ხუთივე ტიპი:

[checklist]

  • ხედვა – დაწესებულებებში უნდა ინახოს საცხოვრეელი პირობები, მაგალითად, სველი წერტილების სისუფთავე, პალატებში საკმარისი ფართის არსებობა, პერსონალის დამოკიდებულება პაციენტის მიმართ;
  • ყნოსვა – დაწესებულებაში არ უნდა იყოს მძიმე სუნი. ცუდი სუნის მიხედვით შეიძლება მსჯელობა, რომ დაწესებულებაში სველი წერტილები კარგად არ მუშაობს, ან კარგად არ სუფთავდება, რაც არაჰიგიენური და საფრთხის შემცველია;
  • შეგრძნება – უნდა შემოწმდეს საწოლები, რამდენად ადეკვატური ხარისხისაა. ასევე, ტემპერატურა დაწესებულებაში, ცივა თუ ცხელა. არის თუ არა ცივი და ცხელი წყალი;
  • სმენა – უნდა იყოს გამოვლენილი დაწესებულებაში ხმაური, ან მისი არარსებობა. ყვირიან თუ არა პაციენტები ან რა არის ამის მიზეზი. ასევე, უნდა დადგინდეს, რამდენად მისაღებია პაციენტებისთვის მუსიკის ან ტელევიზორის ხმა;
  • გემო – მონიტორინგის ჯგუფის წევრმა უნდა გასინჯოს მომზადებული საკვები, რათა დაადგინოს, რამდენად მისაღებია და შეესაბამება სტანდარტებს.

[/checklist]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი