ახალი ამბები

პროკურატურა: სულხან მოლაშვილის ოჯახს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდება

2 ნოემბერი, 2016 •
პროკურატურა: სულხან მოლაშვილის ოჯახს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს და ორ დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ. რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიმართ არ დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი, ხოლო 2 დაზარალებულ მოქალაქეს  6 ავტომანქანა და თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ.

“დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2004 წლის 23 აპრილს პროკურატურას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული ჰყავდა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა  და მოთავსდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

2004 წლის ივლისში სულხან მოლაშვილის ძმას – თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ მოსთხოვეს ქ. თბილისში, სოფელ წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა.

მას შემდეგ, რაც სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები: მისი ძმა თორნიკე მოლაშვილი და მისი მეუღლე თამთა ბახტურიძე დაარწმუნეს, რომ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, მოხდებოდა სულხან მოლაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება, ისინი იძულებულნი გახდნენ, დათანხმებოდნენ ამ პირობის შესრულებას.  ამ მიზნით სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა ბანკიდან აიღეს სესხი და შეთანხმებისამებრ, 2004 წლის 14 ივლისს,  140 000 ლარად შეიძინეს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი, რომელიც იმავე დღეს უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. მიუხედავად სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრების მიერ მოთხოვნის შესრულებისა, მაინც არ მოხდა სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და საპატიმრო დაწესებულებიდან მისი გათავისუფლება,”- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, 2006 წელს მოქალაქე გია ოქრუაშვილმა თავისი მეგობრის, ვახტანგ მესხის დახმარებით  კანონიერად შეიძინა ქ. თბილისში, გლდანის პირველ მიკრო/რაიონში მდებარე 480 კვ.მ. მიწის ნაკვეთი:

“2010 წლის 01 დეკემბერს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ იქნა ვახტანგ მესხი, რომელსაც პროკურატურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს, რომ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირობით მსჯავრზე შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჯარიმის სახით გადაიხდიდა 50 000 ლარს და მისი მეგობარი გია ოქრუაშვილი სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობდა შეძენილ 480 კვ.მ მიწის ნაკვეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებოდა მკაცრი სასჯელი. პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გია ოქრუაშვილმა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმო მისი კუთვნილი 480 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რის  შემდეგაც მის მეგობარს, ვახტანგ მესხს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და დაეკისრა ჯარიმა 50.000 ლარის ოდენობით.  ”

2011 წლის ნოემბერში მთავარ პროკურატურას ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისთვის დაკავებული ჰყავდა  შპს ,,აკვარიუმის“ დირექტორი გიორგი ღონღაძე:

“გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს ციხიდან გათავისუფლების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 240 000 ლარად უკანონოდ შეასყიდინეს „ჰიუნდაის“ მარკის 6 ავტომანქანა, რომლებიც შემდგომ უსასყიდლოდ, ჩუქების გზით გადაეცა სახელმწიფოს. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.”

პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: სულხან მოლაშვილის მეუღლეს, თამთა ბახტურიძეს- სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი; ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს -,,ჰიუნდაის“ მარკის 6 ა/მანქანა და მოქალაქე გია ოქრუაშვილს-  ქ. თბილისში, გლდანის პირველ მიკრო/რაიონში მდებარე 480 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიმართ არ დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას.

“ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად  გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 47 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 84 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ და დაბრუნების პროცესშია 18 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 71 ა/მანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი