ახალი ამბები

ნიკა გვარამია შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს

1 ნოემბერი, 2016 • 1560
ნიკა გვარამია შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული. გვარამია უწყებაში 3 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის განცხადებით, უწყისში, რომელიც ნიკა გვარამიამ დღეს საღამოს მიიღო,  ნათქვამია, რომ ის დაიკითხება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის  ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, ნიკა გვარამიას განცხადების საფუძველზე დაიწყო. გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 284-ე და 159-ე მუხლებით).

როგორც ნიკა გვარამია “რუსთავი 2”-ის ეთერში აცხადებს, ის მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და დაკითხვაზე მისვლას გეგმავს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი