“აქვე ვახსენებ კიდევ ერთ გაუგებრობას, რომელშიც თქვენ ხელისუფლებამ გაგხვიათ. ხალხო, ჩვენ ხომ ვიცით, რომ რელიგიური შემწყნარებლობა ქართული ტრადიციის ერთ-ერთი საუკეთესო და უძველესი ნაწილია.
ვიცით ისიც, რომ აღმსარებლობის თავისუფლება ხელშეუხებელი უნდა იყოს სამართლიან და დემოკრატიულ სახელმწიფოში. ამიტომ მხოლოდ უნდა გვეამაყებოდეს ის, რომ ქრისტიანული ეკლესიების გვერდით საქართველოში დღეს მუსლიმანური მეჩეთები მოქმედებს.
ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანებმა და მუსლიმანებმა ერთმანეთის გვერდით თანასწორად და ღირსეულად უნდა იცხოვრონ”, – განაცახადა ივანიშვილმა.
“მე ვიცი, რომ თქვენ არა მორიგი მეჩეთის აშენება გაშფოთებთ, არამედ თქვენ გაშფოთებთ ჩვენი ხელისფულების ძალიან საეჭვო ნაბიჯები. თორემ უცხო ქვეყნის მიწაზე მდებარე ძველი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრებს თუ რა ბედი ეწევა, ჩვენ, ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, მართლაც გვადარდებს.
ამიტომ გპირდებით, რომ როცა ოქტომბერში არჩევნებში გავიმარჯვებთ, დაუყოვნებლად გამოვარკვევთ და სააშკარაოზე გამოვიტანთ ყველაფერს, რაც ამ მტკივნეულ და საჩოთირო საკითხთანაა დაკავშირებული. შემდეგ კი თქვენთან ერთად გადავწყვეტთ საქმეს ისე, რომ ჩვენს ისტორიულ საგანძურსაც მიეხედოს და არც ჩვენი მოქალაქეების რეალური და კანონიერი მოთხოვნები დარჩეს უგულვებელყოფილი”- მიმართა ივანიშვილმა ბათუმში გამართული აქციის მონაწილეებს.
ივანიშვილს მხედველობაში ჰქონდა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხი თურქეთში მდებარე ისტორიული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ.
5 ოქტომბერს გაკეთებული ასეთი განცხადების მიუხედავად, ივანიშვილმა ბათუმში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად რამდენიმე კვირის წინ მურმან დუმბაძე დაასახელა.
სწორედ დუმბაძეა აჭარაში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზატორი.
მურმან დუმბაძე დღეს ბათუმში გამართულ აქციაზე სიტყვით არ გამოსულა.