ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილი კურდღელივით გაიქცა

5 აგვისტო, 2012 •
ივანიშვილი: სააკაშვილი კურდღელივით გაიქცა

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებამ და ცენტრალურმა მაუწყებლებმა სახალხო დღესასწაული – შუამთობა, რომელიც აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში გუშინ გაიმართა, “ნაციონალური მოძრაობის” აქციად გამოაცხადეს.

 

“ქართული ოცნების” ლიდერმა აღნიშნა, რომ ის გუშინ სახალხო დღესასწაულის მისალოცად ჩავიდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მას დღესასწაულზე არ უნახავს:

 

“ადგილობრივი მოსახლობა სახლებში იყო შეკეტილი, სამაგიეროდ ბლომად იყვნენ სხვადასხვა რაიონიდან მობილიზებული გამგეობის თანამშრომლები და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელბი, რომლებმაც ჩვენ მთაზე ასვლის საშუალება არ მოგვცეს,” – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, გუშინდელი დაპირისპირების დროს, რასაც ადგილი ჰქონდა ბეშუმში “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს შორის, სრულიად უმოქმედო იყო პოლიცია:

 

“ჩვენ გამოვიჩინეთ სიბრძნე და იქაურობას გავეცალეთ, რათა განმუხტულიყო სიტუაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა იქ პოლიცია,” – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცრუა გუშინ, როდესაც განაცხადა, რომ დაპირისპირება ბეშუმში პოლიციის ჩარევის შედეგად განიმუხტა.

 

“როდესაც სააკაშვილმა ჩემი ჩასვლის შესახებ გაიგო, შუაზე გაწყვიტა სიტყვა, უფრო სწორად ბაქი-ბუქი და კურდღელივით გაიქცა და გაეცალა იქაურობას,” – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი