საქართველოში შესაძლოა Penti-ის, Dagi-ისა და ENA Textile-ის ფაბრიკები გაიხსნას

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაციის ინფორმაციით, თურქული ბრენდები, Penti და Dagi მომავალი წლისთვის ქუთაისში ფაბრიკის გახსნას გეგმავს. ხოლო აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატის ცნობით, ENA Textile გურიაში ასევე სამკერვალო ფაბრიკას გახსნის.

სამივე ინვესტიციის განოხირციელების შემთხვევაში, დასავლეთ საქართველოში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება და 4 ათასამდე ადამიანი დასაქმდება. ENA Textile, რომელიც გურიაში რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, ZARA-ს პროდუქციას, ხოლო Penti და Dagi ქალისა და მამაკაცის თეთრეულს აწარმოებენ.

ZARA მსოფლიოში ცნობილი ესპანური ბრენდია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2000-მდე მაღაზია აქვს. კომპანიაში წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტი ახალი მოდელი იქმნება.

“გურიის რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს. მსგავსი სახის პროექტები რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ქალაქ ოზურგეთში არსებული ფართების შესწავლის შემდეგ მოლაპარაკება შემდეგ ეტაპზე გადავა. ჩვენ კომპანიას პროექტის წარმატებით განხორციელების საქმეში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ,” – ამბობს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე.

ENA Textile საქართველოში აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატამ ჩამოიყვანა. პალატის პროტოკოლის სამსახურის უფროსი პაატა ქიმადაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ კომპანიას თავიდან ბათუმში უნდოდა ფაბრიკის გაკეთება, თუმცა აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატამ ინვესტორს გურიის მხარე ურჩია. მისი თქმით, ZARA–ს ფაბრიკაში 1000–მდე ადგილობრივი დასაქმდება.

რაც შეეხება Penti–სა და Dagi–ის, ამ კომპანიებს ქუთაისში ინვესტიციის განხორციელება საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაციამ ურჩია და მიაწოდა ინფორმაცია აქ არსებული ბიზნესგარემოს შესახებ. ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი (მჟავანაძე) აცხადებს, რომ ქუთაისის ტერიტორიაზე ფაბრიკების გაკეთების შემთხვევაში Penti-სა და Dagi-ის მუშახელის პრობლემა არ ექნებათ, ხოლო ჯამში 3000–მდე ადგილობრივი დასაქმდება.

“ინვესტორები ბოლო 6 თვის განმავლობაში ელოდებოდნენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დასრულებას, რომელიც ჩატარდა ძალიან მშვიდად. რადგან ხალხმა ნდობა გამოუცხადა სახელმწიფოს, უკვე მოთხოვნები წამოვიდა. იცით, რომ საქართველო არის ინვესტიციების განხორციელების მხრივ მსოფლიოში მე–16 ადგილზე. მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ გაიზრდება უცხოური ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში,” – აცხადებს ოსმან ჩალიშქანი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ოსმან ჩალიშქანი ამბობს, რომ Penti და Dagi ფაბრიკების აშენების გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ, ხოლო დამატებითი დეტალები 16 ნოემბრის ბიზნესფორუმზე გახდება ცნობილი, რომელიც სტამბოლში გაიმართება. როგორც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი აცხადებს, ეს ფორუმი იძლევა იმის იმედს, რომ უცხოური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით არიან დაინტერესებული.

საქართველოში შესაძლოა Penti-ის, Dagi-ისა და ENA Textile-ის ფაბრიკები გაიხსნას. ფოტო: Dagi-ის ოფიციალური ვებ–გვერდი

საქართველოში შესაძლოა Penti-ის, Dagi-ისა და ENA Textile-ის ფაბრიკები გაიხსნას. ფოტო: Dagi-ის ოფიციალური ვებ–გვერდი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.